ჩვენი პროექტი

Saturday, October 9, 2010

ნაკვესები

                                               აკაკის ნაკვესები


საზოგადოდ იმერეთში და კერძოდ ლეჩხუმისკენ ბევრი მოიპოვებოდა მისთანა კაციცა და ქალიც, რომ ქართულის მეტი არა იცოდა რა, მაგრამ კარგად კი იყო გონებაგახსნილი და განვითარებული. აკაკის ძალიან მოსწონდა ისინი და უპირატესობასაც აძლევდა იმ პირებზე, რომელთაც წარა-მარა ტიტინი უსწავლიათ უცხო ენაზე და მით დაუმთავრებიათ თავისი განათლება. ამხანაგებმა უსაყვედურეს ერთხელ აკაკის, შინ გაზრდილები რომ მოგწონს და ნასწავლებს არად აგდებ, რად შვრები მაგასა?
- მაგის პასუხს ამ საღამოს მობრძანდით ჩემსა და მოგახსენებ, - მიუგო მან.
საღამოს მართლა ესტუმრენ ამხანაგები. მასპინძელმა მიიწვია ისინი ოთახში, სადაც მამა-პაპურად გახურებულ ბუხარს გუგუნი გაჰქონდა. ოთახში სითბოც კარგი იდგა და სინათლეც იყო, მაგრამ სანთელი კი არსად ნთებულა. „ეს უსანთლობა რა არის?“ იკითხა ერთმა. „სანთელი თუ გნებავს, სხვა ოთახში მიბრძანდითო!“ - უპასუხა მასპინძელმა და შეიყვანა სტუმრები მეორე ოთახში. აქ ბუხარი გაცივებული იყო და მხოლოდ სადღაც კუთხეში სანთელი ბჟუტავდა. აღარც სინათლე იყო და აღარც სითბო. დასხდნენ იქ სტუმრები, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, სიცივემ რომ გაუჭირათ, იკითხეს, არ აჯობებს, რომ ეს სანთელიც იმ თბილ ოთახში გავიტანოთ და ჩვენც იქ გავიდეთო? - „რასაკვირველიაო“ - დაეთანხმა მასპინძელი. გავიდნენ და გაიტანეს სანთელიც. პირველ ოთახს სანთელიც რომ მიემატა, ერთი-ორად უფრო განათლდა და აქათქათდა. მაშინ მიუბრუნდა მასპინძელი სტუმრებს და უთხრა: „აი, ყმაწვილებო, ხომ ხედავთ? ამ ოთახში, სადაც კარგი მამა-პაპური ბუხარი ანთებული იყო, სითბოც კარგი დაგიხვდათ და სინათლეც ცოტაოდენი; იმ უცხო ოთახში რომ შეგიყვანეთ, სადაც კერა გაცივებული იყო, იქ აღარც სითბო იყო და სანთელიც ობლად, საცოდავად ბჟუტავდა, სანამ ისევ აქ, ამ ოთახში არ გამოვიტანეთ და ბუხრის სინათლეს მისიც არ მივუმატეო. მე რომ შინ გაზრდილი კაცები მომწონს, ისინი მამა-პაპურად არიან გაზრდილი და განვითარებული, იციან კარგად დედაენა და სამშობლოც ყოველგვარად შესწავლილი აქვთ, იმათ სიახლოვეს მე სითბოსაც ვგრძნობ და სინათლესაც ვხედავ. თქვენ რომ ნასწავლებზე მითითებთ, ისინი კი იმ უცხო ოთახში მბჟუტავ სანთელსა ჰგვანან, სადაც აღარც სითბოა და აღარც სინათლე. მშობლიურ ნიადაგზე თუ არა დგას კაცი, მისი შუქი ბევრს ვერც გაანათებს და ვერც ვერავის გაათბობსო“.

* * *

აკაკის ერთხელ თემობაში ჯიბგირი მიეპარა და ჩუმად ხელი ჩაუყო ჯიბეში, სადაც ნაწერი ქაღალდების მეტი არა იყო-რა. პოლიციელმა თურმე შენიშნა და წაავლო ხელი ჯიბგირს. მწერალმა რომ დამფრთხალი და შეშინებული ქურდი დაინახა, შეებრალა, მიუბრუნდა და სიცილით უთხრა: „შე კაცო, აკი ერთხელაც გითხარი, მაგას ნუ შვრები-მეთქი! რად იცი ხოლმე ჩემ ჯიბეში ხელის ჩაყოფა? ხელნაწერი რომ არ წაიკითხო, არ იქნებაო? როცა დაიბეჭდება, მაშინაც მოესწრები სხვებთან ერთად წაკითხვასაო!“ პოლიციელმა რომ ეს გაიგონა, იფიქრა, ალბათ ვინმე კარგი შეხუმრებული ნაცნობი ყოფილაო, ბოდიში მოიხადა და გაუშვა ჯიბგირი. რამდენიმე წლის შემდეგ მწერალს წერილი მოუვიდა: „დიდი ხანია, რაც კი რამ დაბეჭდილა თქვენი და ან იბეჭდება, ყველასა ვკითხულობ. თქვენ რომ პირველად გნახეთ, იმ დღიდანვე მე ხელი ავიღე ჩემ პირვანდელ ხელობაზე, შევისწავლე წიგნების კინძვა, მეყდე გახლავარ და, თუ ინებებთ, წიგნებს ნახევარ ფასად შეგიკრავთ.
თქვენი მოსამსახურე გ. სან-ძე“.

* * *

ჩვენში ერთი მოსამსახურე იყო, დიდი ლოთი და დიდი მექრთამე. როცა გადააყენეს, წავიდა პეტერბურგს და იქ ცხოვრობდა თავისთვის. ერთხელ ამ გადაყენებულს დიდი წვეულება ჰქონდა პეტერბურგში და, სხვათა რიცხვში, შემთხვევით იქ მყოფი აკაკიც მოხვდა. მასპინძელმა სადილზე ტრაბახი დაიწყო, კავკასიაში რომ ვიყავი, ძალიან ვუყვარდი ხალხსაო! წამოსვლის დროს სადილი გამართეს და სახსოვრად საჩუქარიც მომცესო. გამოიტანა საჩუქრად მიღებული აზარფეშა*, რომელზედაც „კოლხეთის ვერძი“ იყო დახატული. სტუმრებმა იკითხეს: რას ნიშნავს ეს ვერძი? ალეგორიული ხომ არა არის რაო?- როგორ არაო, - მიუგო აკაკიმ, ჩვენში აზარფეშა ლოთობის ემბლემაა და ვერძი კი იმას ნიშნავს, რომ ბერძნებმა დიდძალი ფული გაიტანეს ჩვენი ქვეყნიდანო.

* * *

ლხინში საზოგადოდ ძალიან მოწყენა იცოდა აკაკიმ. ერთხელ, როდესაც ახალგვარ „მრავალჟმიერს“ ამბობდნენ და ყველანი მოლხენილად იყვნენ, ჰკითხეს, მოწყენილი რათა ხარო?- ვხედავ, რომ ძველებურს ჩვეულებას წესს უგებთ, ზარს ამბობთ: თქვენ ჭირისუფლებათა სხედხართ და ამ აღაპში* მე რა მომალხენსო.

* * *

აბასთუმნის სასტუმროში ანგარიში წარუდგინეს აკაკის. ზედმეტი მიეწერათ და პოეტმაც, როცა გასინჯა, სთქვა: ახლა კი მივხვდი, რად ეძახიან ამ ადგილს „აბასთუმანსო“. თურმე აბაზშითუმანს* ახდევინებენო!..

* * *

სასტუმროში ერთმა ადვოკატმა ძეხვი მოითხოვა, ბევრი ეწვალა, მაგრამ კანი ვერ გააცალა და გულმოსულმა იკითხა:- არ გიკვირს, რომ კანი არ სძვრება ამ ძეხვსა?
- ეგ არ მიკვირს, - მიუგო იქ მყოფმა აკაკიმ. - ის კი გასაკვირველია, რომ ადვოკატი ხარ და ტყავის გაძრობას ვერ ახერხებ.

* * *

ერთმა პედაგოგმა, რომელიც პოეტობასაც ჩემობდა, ახლო სოფელში მიმავალ აკაკის ერთი კვიმატიანი ცხენი ათხოვა და თანაც ლექსების რვეული გაატანა: თუ მოგეწყინოს, ამაღამ ეს გადაიკითხეო. მეორე დღეს ჰკითხა უკან დაბრუნებულ აკაკის:- როგორ იმგზავრე? ღამე როგორ გაატარე?
- რა უნდა გითხრა, ძმაო, დღე შენმა ცხენმა დამტანჯა და ღამე - ლექსებმა, - მიუგო პოეტმა.

* * *

არჩევნების დროს ზოგიერთი აბეზარი კენჭოსნები ჰყვიროდნენ: „კენჭი მოგვეცით, კენჭი!.. კენჭმა უნდა გაგვასწოროსო“.- ნეტავი თქვენ გასწორდებოდეთ და ვინ ოხერი ან ლოდს დაიშურებს თქვენთვისაო, - მიაძახა აკაკიმ.

* * *

აკაკი ერთ ოჯახში სადილად იყო. დიასახლისის პატარა ვაჟი გაჭირვეულდა და ვერმიშელი აღარ სჭამა. დედა დაემუქრა. შვილი დაიმედებული იყო, სტუმრებთან მაინც არას მეტყვიანო და ხელში კოვზს აწვალებდა. მერე მიუბრუნდა აკაკის და ჰკითხა:- ძია, ამ კოვზს რა აწერია?
აკაკიმ კოვზი ჩამოართვა და ვითომ წაიკითხა:
„თუ არ ჭამე ვერმიშელი,
გაგლახავენ, ვერ გიშველიო“.

* * *

ახალწლის წინა-ღამეს მოურავმა უთხრა აკაკის: თქვენი ცხენი მოუპარავთ, მაგრამ იმედია ვიპოვნითო.- თუ ღმერთი გწამს, ძებნას ნუ დაუწყებთ... დაიკარგოს, - მიუგო აკაკიმ. - ეს ძველი წელიწადი, მთელი თორმეტი თვე, უბედური იყო ჩემთვის!.. ახლა, ეტყობა, ჩემ ცხენზე შემჯდარა და ისე მიდის. ნუ გამოუდგები. აღარც მისი დაბრუნება მინდა და აღარც ჩემი ცხენიო.

* * *

მ... ერისთავი და აკაკი რაღაცაზე წალაპარაკდნენ. ერისთავმა უთხრა პოეტს რიხით: ნუ დაივიწყებ, აკაკი, რომ მე, რაც უნდა იყოს, ერისთავი მქვიანო!..- ბატონო, ერი კი აღარა გყავს, ჩამოგართვეს და ცარიელა თავი გინდ იყოს და გინდ არაო.

* * *

ერთი გრძელი ცხვირის და გრძელი პირის პატრონი არწმუნებდა აკაკის: „ბევრ ცუდს ამბობენ ჩემზე ხალხში, მაგრამ სტყუიან და ნუ დაუჯერებთო!“- მეც ვხედავ, რომ სტყუიანო - მიუგო მან. - მთელი ქვეყანა, ერი და ბერი, სულ იმას იძახის შენზე, უცხვირპიროაო და შენ კი, რომ უნდა, იმაზედაც მეტი გქონია ორივე.

* * *

ერთხელ აკაკი სადგურიდან სოფელში ეტლით მიდიოდა. მეეტლემ გზად სხვა მგზავრიც აიყვანა და აკაკის გვერდით მოუსვა. ახალ მგზავრს არასოდეს ენახა ჩვენი პოეტი და თავისი თავი პოეტად გააცნო - აკაკი ვარო. გზადაგზა სულ აკაკის ლექსებს ამბობდა ზეპირად. აკაკის განცვიფრებას საზღვარი არა ჰქონდა, მაგრამ არაფერი უთქვამს.ეტლი გაჩერდა. გამოთხოვებისას ცრუ მგზავრმა უთხრა აკაკის:
- თქვენ ჩემი ვინაობა გაიგეთ, არ შეიძლება ვიცოდე, თქვენ ვინღა ბრძანდებით?
- დღევანდლამდე აკაკი ვიყავი და დღეის შემდეგ არ ვიცი ვინა ვარო, - უპასუხა აკაკიმ.

* * *

აკაკი ხონში იყო. წამოსვლისას ეტლში ერთი ადგილი დაიქირავა, მეეტლემ ჩასვა პოეტი ეტლში და ჩვეულებისამებრ ბაზრის ირგვლივ ძახილით „ვის გინდათ, ვის გინდათ“ - რამდენიმეჯერ შემოატარა. აკაკიმ გააჩერა მეეტლე და უთხრა: „ვის გინდათ, ვის გინდათ რომ იძახი“, ხომ ხედავ, არავინ მყიდულობს, ისევ მე მითხარი, რამდენად ვარ შეფასებული, იქნება შევიძლო თავის გამოხსნაო.

* * *

ქუთაისში აკაკის მონაწილეობით საღამო გაიმართა. საღამოში მონაწილენი მეორე თუ მესამე დღეს სურათის გადასაღებად ბაღში შეიკრიბნენ. აკაკის ერთი ახალგაზრდა შეეკითხა:- რა აზრისა ხართ, პატივცემულო აკაკი, ახალგაზრდა მგოსნებზე?
- რა გითხრათ, - მიუგო აკაკიმ, - სტუდენტობის დროს ერთი პროფესორი გვყავდა: დიდი განათლებული კაციაო ამბობდნენ, მაგრამ ჩვენ, სტუდენტები, მისი წაკითხულიდან ვერას ვგებულობდით. ეგევე ითქმის ზოგიერთ ახალგაზრდა მგოსანზე: შესაძლებელია ძალიან კარგებიც იყვნენ, მაგრამ ერთი ნაკლი აქვთ: როგორც მე, აგრეთვე ხალხს არა გაეგება-რა მათი.

1 comment:

  1. რად უნდა ამას დიდი კომენტარი.აკაკი საქართველოს მგოსანია! მორჩა და გათავდა!

    ReplyDelete