ჩვენი პროექტი

Saturday, October 9, 2010

პოეზია

                       ჩანგური
,,მე ჩანგური მისთვის მინდა,
რომ სიმართლეს მსახურებდეს,
განამტკიცოს აზრი წმინდა,
გულს სიწმინდით ახურებდეს!


ერთი ჰქონდეს მას საგანი:
ჰარმონია მისი ხმების,
ცხოვრებაში იყოს ბანი
ხან ლხენის,ხან მწუხარების!


გამიქვავდეს მაშინ ენა,
თუ რომ ვისმე მოვეფერო,
და გამიხმეს ეს მარჯვენა,
თუ სიმრუდით სიმთ ვაჟღერო!


რაგინდ ბედით ვიყო კრული,
საშინელიც მექნეს ბოლო,
არ შედრკება ჩემი გული,
გინდა ქვითაც ჩავიქოლო!” 


       ხანჯალს


შენი ჭირიმე, ხანჯალო,

რკინაო ხვარასნისაო,

შენ ერთად-ერთო იმედო

მტრისაგან გამოხსნისაო!..


გლესავ და გლესავ, ხანჯალო,

ამოგიფერავ გულსაო!

შენ უნდა ეძმო და ეყმო

უმართლოდ დაჩაგრულსაო!


ნესტარიცა ხარ, ბასრიც ხარ,

ორივე გვერდით მჭრელიო;

გპატრონობს გული ფოლადი

და გიპყრობს რკინის ხელიო.


მისი გამჩენის ჭირიმე,

ვინც რომ შენ გამოგჭედაო!

ჭირიმე, შენი ჭირიმე,

მტერს აუტირე დედაო!


ბევრი ნაღველი შეასვეს

მტრებმა ამ ჩემსა გულსაო,

შენ მიმკურნალე, მახვილო,

უმართლოდ დაჩაგრულსაო!


მიმოციქულე მტრის გულთან,

მიმიძღვენ ჩემი სალამი:

ის ვითომ საწერელია,

ჩაერჭვე, როგორც კალამი!


მისი წითელი მელნითა

შემაღებინე ჭაღარა,

იმისი კვნესა იქნება

ჩემთვის დაფი და ნაღარა!


გლესავ და გლესავ, მახვილო,

ფოლადო, ჩემო რკინაო!

დროა, ამოდი ქარქაშით,

აღარ გაქვს აწ მანდ ბინაო.


1882 წ.




      ვაჟა–ფშაველას





ენას გიწუნებ, ფშაველო, 



მგოსანო მაღალ მთისაო,

თუმც კი გვითესავ მარგალიტს!..


მკითხველიც იმას მკისაო!


ჯერ არ ვყოფილვარ ფშავეთში,

მაგრამ კი ვიცნობ ცნობითა;

შენ დამიხატე ის მხარე

ფშაურის ჭკუა-გრძნობითა.


და რაც არ გადმოგიცია

მის შვენებაზე ენითა,

მე თვითონ მივხვდი ყოლიფერს,

შენთანვე აღმაფრენითა.


ვიცი, რომ ფშავლის სოფელი

წმინდაა, მაღალ მთისაო,

ენა - მეტყველი სიმართლის,

გულ-მკერდი - ფოლადისაო.


წინეთ რომ ხმალი უჭრიდათ,

სადღეისოდ სჭრის კალამი…

გადაეც ბარის მგოსნისგან

მთიულებს ძმური სალამი.


1913 წ


                       გაზაფხული         


დღეს მერცხალი შემოფრინდა, -

ჭიკჭიკითა გადმომძახა:

“გაზაფხული! გაზაფხული!”

გულს იმედი დამესახა.


მივდექ სარკმელს, გადვიხედე,

არემარე მესხვაფერა! -

სასოებამ ფრთა გაშალა,

გულსა მკრა და ამიძგერა!


სუნი მეცა გაზაფხულის,

უცნაური ვიგრძენ ძალი...

ვსთქვი, თუ: “გულსა რაღად ვიტეხ?

ახლოს არის მომავალი!


“მოვესწრები, რაც მინდოდა

ზამთრისაგან დაჩაგრულსა:

ვნახავ ქორწილს ბუნებისას,

გავიგონებ მის მაყრულსა.


“დავყნოს ვარდსა გადაშლილსა,

ვუჭვრეტ ნაზად დახრილ იას

და ბულბულიც გამაგონებს

მისებურად “ტია, ტიას!”


1881 წ.





რაც არ იწვის, არ ანათებს...  


      



რაც არ იწვის, არ ანათებს, -

უჩინარად ლპება ნელა.

მოდი, დამწვი, სიყვარულო,

მიაშუქე, სადაც ბნელა!


ერთი წამიც კი სიცოცხლის,

თუ სხივების მომფენია,

უსინათლოს და უგრძნობელს

საუკუნეს მირჩევნია.


მართალია, მთას რომ დასთოვს,

თან სიგრილეც ბარში დაჰკრავს!

თავზე თეთრი, თმა ჭაღარა

გულს აგრილებს, გრძნობას სჩაგრავს;


მაგრამ ადგილს, ცეცხლის მფშვენელს,

სადაც სდაგავს გეენია,

ეს კანონი საზოგადო

თავიდანვე ასცდენია.


პოეტის გულს, გახურვებულს,

სადაც ელავს, ღელავს გრძნობა,

რას მოუშლის თმა ჭაღარა?

რას დააკლებს ხნოვანობა?


მრწამს სიწმინდე სიყვარულის

ისევ ისე, როგორც ძველად,

და გულს ვუგებ საკურთხევლად,

ზედ სიცოცხლის დასაწველად!


თუმც ეს მსხვერპლი საიდუმლო



საიდუმლოდ იწვის , დნება....


მაგრამ მაინც ჩუმ ნატვრაში


არის რაღაც ნეტარება..........


           ხატის წინ          




მიყვარს, როდესაც ხატის წინ

ანთია წმინდა სანთელი

და საიდუმლო პარპალით

ბნელს ფანტავს მისი ნათელი.


მყუდროდ, უხმოდ და უძრავად

დნება, ვით მსხვერპლი დიადი,

რომ მადლით გაასპეტაკოს,

თვალუწვდომელი წყვდიადი!


მივჩერებივარ ამ დიდ ძალს

მწარ-ტკბილად ჩაფიქრებული;

მეცა უსიტყვოდ, უძრავად,

ცის სვეტად გაქვავებული.


რაღაც უცნაურ ერთობას

ვხედავ სანთელს და ჩემ შუა!

მხოლოდ ვგრძნობ... თვარა ვერ სწვდება

ჩემი გონება და ჭკუა.


სანთელი ჩემი ხორცია,

სიცოცხლე - მოკლე პატრუქი,

ნათელი - ჭკუა-გონება,

იმათგან გამონაშუქი.


ჩემი ხატია სამშობლო,

სახატე - მთელი ქვეყანა,

და რომ ვიწვოდე, ვდნებოდე,

არ შემიძლია მეც განა?


კი... მაგრამ მნათე არსად ჩანს,

ჩემთან მომტანი ცეცხლისა,

ის მოციქული მომავლის,

მსგავსი ჭიკჭიკა მერცხლისა!


1894 წ.




No comments:

Post a Comment