ჩვენი პროექტი

Thursday, December 9, 2010

აკაკი წერეთელი

აკაკი წერეთელი (დ. 21 ივნისი, 1840, სოფ. სხვიტორი, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი - გ. 8 თებერვალი, 1915, იქვე), დიდი ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.
დაიბადა ზემო იმერეთის შეძლებული თავადის როსტომ წერეთლის ოჯახში. დედა ― ეკატერინე აბაშიძეიმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილიშვილის შვილი იყო. წერეთელმა ბავშვობის წლები სოფ. სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა.

განათლება

აკაკი წერეთელი 1852-იდან ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, 1859-იდან კი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რომელიც 1863 წელს დაამთავრა კანდიდატის ხარისხით.

სალიტერატურო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა

ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― "საიდუმლო ბარათი", რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა.
მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის "აკაკის თვიური კრებული" (1897-1900) დაარსებით. იგი რედაქტორობდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს "ხუმარა", რომლის ანტიცარისტული და ეროვნული მიმართულების გამო დაპატიმრებულიც კი იყო (1907). ილია ჭავჭავაძესთან ერთად აკაკი წერეთელი სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში და სიტყვით თუ საქმით, დაუცხრომლად, მიზანდასახულად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისათვის, მასში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. სწორედ ეროვნული მოტივი იმთავითვე იქცა აკაკი წერეთლის შემოქმედების ლაიტმოტივად.
Add caption
ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის ძეგლი თბილისში.
წერეთლის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დასტოვა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ისტორიაში. მან ახალი ეტაპი შექმნა ქართული მხატვრული სიტყვის განვითარებაში, რამაც პოეტს, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, კანონიერად დაუმკვიდრა ახალი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორის სახელი.
ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა წერეთელი ჭეშმარიტად სახალხო პოეტად. საყოველთაო აღიარების ნათელი დადასტურება იყო მისი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო (1908), რომელიც, ისევე როგორც პოეტის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში (1912), გრანდიოზულ ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცა.
აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.


თერგდალეულები

თერგდალეულები", XIX საუკუნის 60-იან წლების ქართული საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ლიტერატურული მიმდინარეობა. „თერგდალეულებს“ უწოდებდნენ კონსერვატორი მოწინააღმდეგენი რუსეთში განათლებამიღებულ ქართველ ახალგაზრდებს, ქართველ განმანათლებლებს, რომელთაგან ზოგი ჯერ კიდევ 60-იან წლებამდე იჩენდა ნახევრადფარულ ოპოზიციურ დამოკიდებულებას ძველისადმი და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახლის დანერგვას მოითხოვდა. 1861-1862 წლებიდან „თერგდალეულების“ ნაწილი აშკარად შეებრძოლა კონსერვატორებს ჟურნალ „ცისკრისა“ და „საქართველოს მოამბის“ ფურცლებზე. ბრძოლა ახალ („თერგდალეულთა“) და ძველ („მტკვარდალეულთა“) თაობებს შორის დაიწყო ქართული ენისა და ლიტერატურის საკითხებზე. ი. ჭავჭავაძის წერილით «ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კაზლოვის „შეშლილის“ თარგმნაზედა» („ცისკარი“, 1861, № 4), რომელმაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა და დასაბამი მისცა ე. წ. „მამებისა“ და „შვილების“ ბრძოლას.
თერგდალეულთა პროგრამა ითვალისწინებდა ქართველი ხალხის როგორც ეროვნულ, ისე სოციალურ განთავისუფლებას. ისინი კარგად იცნობდნენ რუსეთისა და ევროპის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების ნააზრევს; იყვნენ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კურსში. მათი პროგრამით, თავდაპირველ ამოცანას წარმოადგენდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ავტონომიის მოპოვება, ხოლო შემდეგ დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოს შექმნა.
თერგდალეულთა მიერ გამოცემულ ჟურნალებში განიხილებოდა საქართველოს ისტორიასა და კულტურასთან, თანადროულ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემატიკასთან დაკავშირებული საკითხები.
თერგდალეულთა მოღვაწეობა დაემთხვა რუსიფიკაციის პოლიტიკის გაძლიერებას. რუსულმა ხელისუფლებამ ტერმინ „საქართველოს“ აკრძალვაც კი მოინდომა და პრესაში შეიძლებოდა მხოლოდ თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების მოხსენიება.
ილია ჭავჭავაძემ და მისმა მომხრეებმა ამ რთულ პერიოდშიც მოახერხეს ეროვნული საქმის გაგრძელება. მათი თაოსნობით თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების სათავადაზნაურო ბანკები დაარსდა. ბანკის მიერ გაღებული თანხის უდიდესი ნაწილი ქართული სკოლებისა და თეატრის დაფინანსებას მოხმარდა. 1879 წელს შეუქმნა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ (პირველი თავმჯდომარე დიმიტრი ყიფიანი). საზოგადოების მეცადინეობით გაიხსნა სკოლები, გამოიცა სახელმძღვანელოები და სხვა სახის ნაშრომები, შეგროვდა ძველი ხელნაწერები და ფოლკლორული მასალა, დაიწყო ისტორიულ ძეგლებზე ზრუნვა.
70-იან წლებში თერგდალეულები ორ ჯგუფად გაიყვნენ. ილია ჭავჭავაძისა და მისი მომხრეების ჯგუფს (აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი და სხვები) „პირველი დასი“ ეწოდა, ხოლო ნიკო ნიკოლაძის გიორგი წერეთლის სერგეი მესხის და სხვათა ჯგუფს, რომლებიც მთავარ ყურადღებას სოციალური და ეკონომიკური ხასიათის პრობლემებზე ამახვილებდნენ – „მეორე დასი“.[1]

აკაკი წერეთლის უცნობი პუბლიცისტიკა

3 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ქართველი კლასიკოსის აკაკი წერეთლის დაბადებიდან 170 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წიგნის “აკაკი წერეთელი უცნობი პუბლიცისტიკა” პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხადრაჭერით შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა გამოსცა.

კრებულში ბოლო ათწლეულების მანძილზე გამოვლენილი აკაკი წერეთლის ათეულობით პირადი თუ პუბლიცისტური წერილია შეტანილი, რომელიც აქამდე საზოგადოებისათვის უცნობი იყო.

ტექსტები ქრონოლოგიური პრინციპითაა დალაგებული და შესაბამისი სამეცნიერო აპარატით, კომენტარებითა და საძიებლებით არის აღჭურვილი.
აკაკი წერეთელი იმდროინდელ პერიოდულ პრესასთან აქტიურად თანამშრომლობდა და სისტემატურად აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელთა უმრავლესობას დღესაც არ დაუკარგავს თავისი აქტუალობა.

პატრიოტის აღსარება

პატრიოტის აღსარება 
ამ ნაწარმოების შემქმნელია აკაკი წერეთელი




ვინ სთქვა, რომ მე, პატრიოტი არა ვარ? მიუქარავს!.. ეტყობა, ან სადილობამდის მოთრეულა ჩემთან და ან ნასადილევს მოხეტებულა... უდროოდ უვლია!.. აბა, თქვენი ჭირიმე, სადილობამდის, როცა მუცელი ცარიელია, ვისა სცალიან საპატრიოტოდ და ან ნასადილევს, კუჭდამძიმებულზე, რაღა დროს პატრიოტობაა?!

არა... იმ დროს მობრძანდეს, როდესაც მე, მამა-პაპურად ფეხმორთხმულს, წინ მიფენია ქართული სუფრა მაისის სასადილო სამკაულებით: ცხელ-ცხელი პურები, ცივი ღვინო, აქა-იქ ახირებულად მიყრილ-მოყრილი მწვანილი, ახალი თევზი, მოთალი, ზედ ტარხუნით თავწახურული, საიდამაც ის შეჩვენებული ძროხის მოსაკითხი ისე გამოიყურება, თითქოს პირს სიცილით ეუბნებოდეს: „გამიღე კარები, კბილები მიჩვენეო“ და იმავ დროს მოშუღლული ტარხუნაც ზევიდან დასჩურჩულებდეს: „სად მიდიხარ? ვერ გაგიშვებ! იქაც ქვეშ უნდა მოგიქციო და თავზე დაგაწვეო! სადაც ჩახვალ, მეც მაშინვე იქა ვარო“ და სხვა. აი დრო, როდესაც ჩემს გულში იღვიძებს პატრიოტული გრძნობა და ჩემი ნაციონალური მადა კუჭში იდგამს სამეფო ტახტსა! მაშინ მეც თავი მომწონს ქართველობით!..

განა შემიძლია შუშხუნა მწვადის ყურება ისე, რომ პირი პატრიოტული ნერწყვით არ მევსებოდეს? როდის გადამიკრავს კახური ღვინო ისე, რომ ჩვენის წინაპრების შესანდობარი არ ყოფილიყოს? ჯერ კიდევ შუა სმაშიაც არა ვარ ხოლმე, რომ ჩემი ქვეყნის მტრები თვალწინ მელანდებიან და მაშინ მეც თავი ვეღარ შემიმაგრებია, გაბრაზებული ზევით ჭერს ქუდსაც ვკრავ ხოლმე და ძირს სუფრაზე წითელ ღვინოს ვანთხევ.

დიახ!.. ამგვარად ხშირად აღვძრულვარ, აღვშფოთებულვარ და მაშ ვისღა შეუძლია სთქვას, რომ მე პატრიოტი არ ვიყო? არა თუ დღეს, როდესაც დიდი ბობოლა შევქმნილვარ, ადრე, ჭიაობაშიაც, გულით ვმამულიშვილობდი, თუმცა ამის გამოცხადებას კი სიტყვით ვერ ვბედავდი და საქმით ვერ ვახერხებდი.

და ან კი რა გამოვიდოდა გამოცხადებით? პატარაობაში რა გასავალი ექნებოდა ჩემს სიტყვებს? და დღეს, დიდკაცობის დროს კი, აღარ შემფერის ამჩატება!.. ახლა რომ პატრიოტულ ალიან-ჩალიანებს გამოვუდგე, არ იტყვიან: ე რა წვრილმანებს გამოსდგომიაო?

დიახ! იტყვიან და შემარცხვენენ!.. არა, არა!.. უდროოდ არა ვარგა რა!.. მოვუცდი ისევ იმ დროს, როდესაც ეს ორივე, დიახ საფუძვლიანი და თავის გასამართლებელი, მიზეზი თავისთავად მოისპობა და მაშინ გამოვაჩენ ჩემს მამულიშვილობას!

მესაყვედურებიან: „თუ შენ პატრიოტი იყო, შენის ქვეყნის მზეთუნახავს არ დააგდებდი და სხვისას არ დაუწყებდი ტრფიალსო!..“ მაგრამ სცდებიან!.. რა იციან, თუ ჩემ გულში რა არის? აქ ანგარიშია, და ანგარიშს ჭკვიანი როდის გაქცევია? ჩემის ქვეყნის მზეთუნახავი ღარიბია! თვითონ რა აქვს, რომ მე მარჩინოს? რა ჰმოსია, რომ მე ჩამაცვას? რა შეუძლია, რომ გამაძლიეროს და თვითონ რა სახელგანთქმულია, რომ მე გამომაჩინოს? და უცხო ქვეყნის მზეთუნახავი კი ამაების ყველაფრის შემძლებელია! აი რისთვის ვეტრფი მას! და აი რად მიყვარს!..

აბა ამ ბედში ჩააგდეთ ჩემი ქვეყნის მზეთუნახავიც და მაშინ ნახავთ, თუ ვისმე დაგაცადოთ მისი ტრფობა!! მაშ უსაფუძვლო ყოფილა საყვედური! დიახ, პატრიოტი ვარ, ვყოფილვარ და ვიქნები!.. ოღონდ თქვენ კი წინააღმდეგი მიზეზები მომაშორეთ!.. არ შეგიძლიათ? მაშ რაღას მესაყვედურებით? რაღას მთხოვთ, კოღო-ბუზებო?

რა გამოდის ამ თქვენის ბზუილით, კოღო-ბუზებო? და რას არიგებთ თქვენის იქა-აქ თრევით, ჭიანჭველებო!

ეჰ, ვაი იმ დროს, როდესაც თქვენ გაჩენილხართ!.. თქვენ თქვენის უხეირო საქციელით ჩვენ, ბობოლებს, მხოლოდ პატრიოტულ მადას გვიფუჭებთ!..

რთი მომიტანეთ ჩანგი, რომ ავაჟღერო, და სევდა გავიქარვო.

ბობოლების ბაიათი

კოღო-ბუზო! ჭიანჭველო!
ქუდმოხდილო, ფეხშიშველო!
შენს თავს რომ შენ ვერ არგიხარ,
როგორ გინდა სხვებს უშველო?
ეგ ბზუილი შესაზარი
არავისთვის აღარ არი!
ერთი სიო სულ გაგფანტავსთ,
ზღვაში ჩაგყრით ზენაქარი.
აბა სად გაქვსთ, გვითხარ, ღონე,
რომ დაჰფრინავ თავმომწონე!
გულით გირჩევ: შენცა ჩემებრ,
სდუმენ, ძალას დაემონე!
დაგარიგებ შესაბრალსა,
მით ვასრულებ ჩემსა ვალსა.
დამიჯერე, არ გატყუებ
მიმავალი მომავალსა!
თვარა, ჩემო ჭიანჭველო,
ქუდმოხდილო, ფეხშიშველო!
შენს თავს რომ შენ ვერ არგიხარ,
როგორ გინდა სხვებს უშველო?!

მაგრამ... ჩუ, ეს რა მესმის: კოღო-ბუზებიც პასუხს მაძლევენ! - ხა! ხა! ხა! აბა, დავუგდოთ ყური! მოვისმინოთ მათი ბზუილიც - კარგს კილოზედაც იბზუვებენ!.. ხა! ხა! ხა! ხა! ხა! ხა!

კოღო-ბუზების პასუხი

მიმავალო, მშვიდობით!
აწ დრო არის მოგვშორდე,
ძველ დროს გამოეთხოვო,
ახალ დროს გაუსწორდე!
თუ რომ გული წმინდა გაქვს,
თუ რომ არ ჰგრძნობ რაღაც შიშს
მომავალთან, ვინა გთხოვს
ან რჩევას, ან ანგარიშს!
შენ რომ გზა გაგივლია,
ის ჩვენ აღარ გვარგია;
და ის ჩვენთვის ცუდია
რაც რომ თქვენთვის კარგია!
კოღო ვართ, თქვენ - ბობოლა!..
მაშ ჩვენ ვინ გაგვატოლა?
ჩვენ ბზუილი შეგვშვენის,
თქვენ - გვერდზე წამოწოლა.
თქვენ სხვა ხართ და ჩვენ სულ სხვა,
არა გვაქვს რა საერთო
მის მეტი, რომ ჩვენს კვნესას
თქვენგან ცილიც დაერთო!
თქვენი გზა თუ კარგია,
ღმერთმა თქვენ მოგახმაროს,
და ჩვენ კი იმავ გზისგან
საწყლები დაგვიფაროს!
ჩვენ, ქუდმოხდილ-ფეხშიშველებს,
არ გვიდრკება გულები,
სანამ თვალწინ გვიდგიან
პირველმოციქულები!..
თქვენ კი ფრთხილად იყავით!
მიჰბაძეთ ფარისევლებს,
დაგვქოლეთ და დასცინეთ
გაუსხლეტელს ჩვენს ცრემლებს!..
ზღაპრად თქმულა, რომ დიდ ლომს
კოღო არ შეუშინდა
და კიდეც დაამარცხა,
ცხვირში რომ შეუფრინდა!
და ბობოლას ომი კი
არვის გაუგონია!..
ის სხვას უქსოვს სამოსელს
და მით თავმომწონია!
ჩვენ ბუზები გახლავართ,
თქვენ ბობოლა ბრძანდებით!
მაგრამ რად იგვიანებთ?
რატომ არ წაბრძანდებით?
მიმავალნო, მშვიდობით!
გზა გვიტიეთ მომავალს!
რად სწუხდებით რჩევისთვის?
ჩვენ ვპოებთ ჩვენს გზას და კვალს!..

1875

აკაკი წერეთელი ,,განთიადი“


განთიადი          


აკაკი წერეთელი
მთაწმინდა ჩაფიქრებულა, 
შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა;
მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს 
თავდადებულის საფლავსა. 
დადუმებულა მთაწმინდა, 
ისმენს დუდუნსა მტკვრისასა: 
მდინარე ნანას უმღერის 
რაინდსა, ურჩსა მტრისასა… 
მთაწმინდა გულში იხუტებს 
საშვილიშვილო სამარეს, 
მამადავითსა ავედრებს, 
აბარებს ქვეყნის მოყვარეს... 
მგოსანი გრძნობამორევით 
თვალს ავლებს არემარესა. 
და გულის-პასუხს ნარნარად 
უმღერის ტურფა მხარესა: 
“ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, 
ჩემო სამშობლო მხარეო, 
სნეული დავბრუნებულვარ, 
მკურნალად შემეყარეო!... 
“ვერ ავიტანე ობლობა, 
სისხლის ცრემლები ვღვარეო; 
წამძლია სულმა და გულმა, 
შენს ნახვას დავეჩქარეო. 
“წინ მომეგებენ ღიმილით 
შენი მზე, შენი მთვარეო, 
გუნდი და გუნდი ვარსკვლავი, 
მოკაშკაშ-მოელვარეო. 
“გულში იფეთქა სიამემ, 
სევდები უკუვყარეო, - 
ია და ვარდი დამჭკნარი 
ხელახლად გამიხარეო!... 
“ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, 
 სულის ჩამდგმელო მხარეო, 
 შენი ვარ, შენთვის მოვკვდები, 
შენზედვე მგლოვიარეო!... 
“ნურც მკვდარს გამწირავ,
ნურც ცოცხალს, 
ზე კალთა დამაფარეო... 
და, რომ მოვკვდები, გახსოვდეს, 
ანდერძი დავიბარეო: 
“დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ: 
შენს მიწას მიმაბარეო!... 
 ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, 
ჩემო სამშობლო მხარეო!”

დიმიტრი ყიფიანი

დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი (დ. 14 აპრილი/26 აპრილი, 1814, სოფ. მერეთი, გორის მაზრა – გ. 24 ოქტომბერი/5 ნოემბერი, 1887, სტავროპოლი) – ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეური. 2007 წელს საქართველოს საპატრიარქომ დიმიტრი ყიფიანი წმინდანად შერაცხა.


ბიოგრაფია [რედაქტირება]

1830 წელს დაამთავრა კეთილშობილთა სასწავლებელი და იქვე დაინიშნა მასწავლებლად. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო ვოლოგდაში გადაასახლეს. აქ გუბერნატორის კანცელარიაში განაწესეს (1835), 1837 წელს საქართველოში დაბრუნდა. ამ დროიდან 1864-მდე იყო მთავარმართლებლის კანცელარიაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1862 წლამდე მეფისნაცვლის საბჭოს წევრი, 1859-1867 წლებში სამეგრელოს მთავრის ქონება-მამულის მეურვე. 1864-1870 თბილისის გუბერნიის, ხოლო 1885-1886 ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი. მონაწილეობდა საგლეხო რეფორმის პროექტის შედგენაში; სათავეში ედგა ქართველი თავადაზნაურობის ლიბერალურ ფრთას. 1876-1879 იყო თბილისის ქალაქისთავი. 1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) ქართველი ერი დასწყევლა. ყიფიანმა მას საპროტესტო წერილი გაუგზავნა და საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ამის გამო თანამდებობიდან გადააყენეს და იმავე წელს სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც ღამით მძინარე მოკლეს. ქართულ საზოგადოებაში მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ მკვლელობა რუსეთის პოლიციის აგენტებმა ჩაიდინეს. აკაკი წერეთელი წერდა, „ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს... იმ გულზე, რომელიც სამშობლოსათვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს“.

მოღვაწეობა [რედაქტირება]

ყიფიანი იყო კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. აქტიურად მონაწილეობდა ბატონყმობის გაუქმების მომზადებაში. ყიფიანი იყო თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა" და "ქართული დრამატული საზოგადოების" ერთ-ერთი დამაარსებელი. იღვწოდა საბიბლიოთეკო საქმის განვითარებისათვის.
ყიფიანის ნააზრევში ქვეყნის საზოგადოების განვითარების თაობაზე პროგრესული იდეები სჭარბობს. ყიფიანი ემხრობოდა სათავადოების საკუთრებაში მყოფი ვრცელი მამულების დანაწილების დაჩქარებას და ცალკეული მემამულეების სრულ კომლობრივ საკუთრებაში მათ გადაცემას. ყიფიანი მომხრე იყო საზოგადოებრივი ურთიერთობების ევროპულ ყაიდაზე რადიკალური გარდაქმნისა.
ეროვნულ საკითხში ყიფიანისთვის ამოსავალი იყო დებულება, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ის ერი შეიძლება დაადგეს პროგრესის გზას, რომელიც აზროვნებს და მეტყველებს მშობლიურ ენაზე. იგი ხაზგასმით აღნიშნავდა ისტორიულ უფლებას, რომელსაც ქართველ ხალხს ანიჭებდა 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატი. დიდი იყო ყიფიანის მოღვაწეობის მნიშვნელობა ქართველი ხალხის ეროვნული შეგნების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში, მის ეროვნულ კონსოლიდაციაში. ყიფიანის ნააზრევი და პრაქტიკული საქმიანობა ჩაგრული ერის ყველა ძირითადი სოციალური ფენის ინტერესებს ეხმაურებოდა. მისი სწრაფვა ქართველი ხალხის ეროვნული თვითმყოფობის შესანარჩუნებლად და საზოგადო-პოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლის ფართო გზაზე გასაყვანად სრული გაგებით და მხარდაჭერით სარგებლობდა ხალხის ფართო დემოკრატიულ ფენებში.
ლიტერატურილი მოღვაწეობა ყიფიანმა თარგმნით დაიწყო. 1841 წელს მან თარგმნა შექსპირის "რომეო და ჯულიეტა" (გამოქვეყნდა "ცისკარში" 1896). 1851 წელს დაიბეჭდა მის მიერ რუსულ ენაზე თარგმნილი გ. ერისთავის "გაყრა". 1857-იდან თანამშრომლობდა "ცისკარში". აქვე დაიბეჭდა ჟანლისის, ოქტავ ფელიეს, მოლიერის, შექსპირის, ბომარშესა და სხვების თხზულებათა თარგმანები, 1882 წელს სანქტ-პეტერბურგში გამოაქვეყნა "ახალი ქართული გრამატიკა", რომლის გამოცემას ქართული ენისა და ქართული სკოლების დევნის პერიოდში არა მარტო პრაქტიკულ-პედაგოგიური, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა.
ყიფიანს ეკუთვნის ლექსი - პასუხი ვახტანგ ორბელიანის მიძღვნის ლექსზე - "ძველი მეგობრობის პასუხი" (გაზეთი "დროება", 1883, ფსევდონიმით "ბაქარ ქართლელი"), აგრეთვე მემუარები რუსულ ენაზე (1884-1885).
ყიფიანის დაკრძალვისას ი. ჭავჭავაძისა და ა. წერეთლის მეთაურობით მოწყობილი ხალხმრავალი თავყრილობა მთავრობის საწინააღმდეგო მძლავრ დემონსტრაციად გადაიქცა. მის ხსოვნას უძღვნა ა. წერეთელმა "განთიადი".
დაკრძალულია მთაწმინდაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში, სადაც დიმიტრი ყიფიანმა ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გაატარა დღესდღეობით ფუნქციონირებს, მისი სახელობის სახლ-მუზეუმი.

აკაკი

გალაკტიონ ტაბიძე

არასდროს არ დამავიწყდება სალიტერატურო საღამო, რომელშიდაც პირველად გამოვდიოდი. ხუმრობა იყო? სცენაზე ლექსი უნდა წამეკითხა!

დილიდანვე რაღაც საშინელების გრძნობამ შემიპყრო... შიშმა სრულიად დამიმონა...

ერთიც ვნახოთ, დამავიწყდა ლექსი! მაშინ?.. საზოგადოება დაინტერესებულია „ახალგაზრდა მგოსნით“, იგი გაფაციცებით თვალყურს გადევნებს, მაგრამ იგი სრულიადაც არ შესწუხდება, თუ შენ ლექსი დაგავიწყდა და შუა ადგილას გაყინდი... რომელიმე დაურიდებელი პირი შემდეგ საყვედურით გეტყვის:

– Публика страдала из-за вас!

მე ძალზე გავიზეპირე ლექსი...

ამ დღეს სალიტერატურო საღამოში მონაწილეობას იღებდნენ:

აკაკი, პეტრე გელეიშვილი, პ. ცახელი, იასონ ნიკოლაიშვილი, ვარლამ რუხაძე. იყვნენ სხვებიც. საღამო გელეიშვილის ლექციით დაიწყო, იგი მუსრს ავლებდა ახალგაზრდა მწერლებს. ახალგაზრდა მწერლები კი იქვე ისხდნენ აკაკის ირგვლივ. დათიკო მესხმა მეორე დღესვე ამ თემაზე იუმორისტული შენიშვნა დაწერა. ლექციის შემდეგ აკაკიმ თავისი კლასიკური ლექსები წაიკითხა, აკაკის შემდეგ კი ჩემი რიგი იყო.

მე დავიწყე, მაგრამ ხმა მიკანკალებდა. უეცრად აკაკის დაჟინებული შემოხედვა ვიგრძენი... აკაკი მიცქეროდა და...

ლექსი დამავიწყდა, უნდა გავჩერებულიყავი...

ცივმა ოფლმა დამასხა...

ბედად იმ რითმაზე, რომელზედაც გავჩერდი, მომაგონდა სრულიად ახალი რითმა, ექსპრომტად ავადმყოფური თავგანწირულებით ვქმნიდი ახალ სიტყვებს, ახალ აზრებს, რომელშიდაც საერთოდ არა იყო რა, მაგრამ ემ მსურდა სიტყვების კორიანტელით ამეხვია თვალი მაყურებლებისათვის. ცდა საუკეთესოდ დაგვირგვინდა. არც ერთს დამსწრეს არ შეუტყვია და არ უგრძვნია ჩემი კრიტიკული მდგომარეობა.

საღამო გათავდა. მე დავიფიცე, რომ ამ დღიდან სალიტერატურო საღამოში არ გამოვალ.

„რა სიბრიყვეა, უკითხო ხალხს ლექსები. თუ ასე ძალიანა სურთ, იკითხონ გაზეთებში“, - ვფიქრობდი მე.

აკაკის შემოვერტყით გარშემო. აკაკი საუბრობდა ნიკო ნიკოლაძის გაზეთზე - „ნოვოე ობოზრენიეზე“, სადაც მუდმივ თანამშრომლად ითვლებოდენ აკაკი და გ. თუმანიშვილი. შემდეგ საუბარი საღამოს ირგვლივ ტრიალებდა.

ილია ბახტაძემ – რომელმაც იმ საღამოს მერეჟკოვსკის „საკიამუნი“ წაიკითხა – აკაკის უთხრა:

– არ ვიცი, გახსოვთ, თუ არა, ბ. აკაკი, მე თქვენს იუბილეზე ლექსი ვთქვი. აკაკის, ალბათ ეგონა, რომ ილ. ბახტაძე ლექსებსაც სწერს და ოდნავი ღიმილით სთქვა:

– მე ილია ბახტაძე მახსოვს... იგი პუბლიცისტი იყო, მაგრამ ილია ბახტაძე, რომ ლექსებსაც წერდა, ეგ კი აღარ ვიცოდიო!

„აკაკის სამრეკლო“. გამომცემლობა „განათლება“. თბ. 1991 წ. გვ. 427-428.