ბიოგრაფია [რედაქტირება]
1830 წელს დაამთავრა კეთილშობილთა სასწავლებელი და იქვე დაინიშნა მასწავლებლად. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო ვოლოგდაში გადაასახლეს. აქ გუბერნატორის კანცელარიაში განაწესეს (1835), 1837 წელს საქართველოში დაბრუნდა. ამ დროიდან 1864-მდე იყო მთავარმართლებლის კანცელარიაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1862 წლამდე მეფისნაცვლის საბჭოს წევრი, 1859-1867 წლებში სამეგრელოს მთავრის ქონება-მამულის მეურვე. 1864-1870 თბილისის გუბერნიის, ხოლო 1885-1886 ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი. მონაწილეობდა საგლეხო რეფორმის პროექტის შედგენაში; სათავეში ედგა ქართველი თავადაზნაურობის ლიბერალურ ფრთას. 1876-1879 იყო თბილისის ქალაქისთავი. 1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) ქართველი ერი დასწყევლა. ყიფიანმა მას საპროტესტო წერილი გაუგზავნა და საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ამის გამო თანამდებობიდან გადააყენეს და იმავე წელს სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც ღამით მძინარე მოკლეს. ქართულ საზოგადოებაში მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ მკვლელობა რუსეთის პოლიციის აგენტებმა ჩაიდინეს. აკაკი წერეთელი წერდა, „ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს... იმ გულზე, რომელიც სამშობლოსათვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს“.მოღვაწეობა [რედაქტირება]
ყიფიანი იყო კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. აქტიურად მონაწილეობდა ბატონყმობის გაუქმების მომზადებაში. ყიფიანი იყო თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა" და "ქართული დრამატული საზოგადოების" ერთ-ერთი დამაარსებელი. იღვწოდა საბიბლიოთეკო საქმის განვითარებისათვის.ყიფიანის ნააზრევში ქვეყნის საზოგადოების განვითარების თაობაზე პროგრესული იდეები სჭარბობს. ყიფიანი ემხრობოდა სათავადოების საკუთრებაში მყოფი ვრცელი მამულების დანაწილების დაჩქარებას და ცალკეული მემამულეების სრულ კომლობრივ საკუთრებაში მათ გადაცემას. ყიფიანი მომხრე იყო საზოგადოებრივი ურთიერთობების ევროპულ ყაიდაზე რადიკალური გარდაქმნისა.
ეროვნულ საკითხში ყიფიანისთვის ამოსავალი იყო დებულება, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ის ერი შეიძლება დაადგეს პროგრესის გზას, რომელიც აზროვნებს და მეტყველებს მშობლიურ ენაზე. იგი ხაზგასმით აღნიშნავდა ისტორიულ უფლებას, რომელსაც ქართველ ხალხს ანიჭებდა 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატი. დიდი იყო ყიფიანის მოღვაწეობის მნიშვნელობა ქართველი ხალხის ეროვნული შეგნების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში, მის ეროვნულ კონსოლიდაციაში. ყიფიანის ნააზრევი და პრაქტიკული საქმიანობა ჩაგრული ერის ყველა ძირითადი სოციალური ფენის ინტერესებს ეხმაურებოდა. მისი სწრაფვა ქართველი ხალხის ეროვნული თვითმყოფობის შესანარჩუნებლად და საზოგადო-პოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლის ფართო გზაზე გასაყვანად სრული გაგებით და მხარდაჭერით სარგებლობდა ხალხის ფართო დემოკრატიულ ფენებში.
ლიტერატურილი მოღვაწეობა ყიფიანმა თარგმნით დაიწყო. 1841 წელს მან თარგმნა შექსპირის "რომეო და ჯულიეტა" (გამოქვეყნდა "ცისკარში" 1896). 1851 წელს დაიბეჭდა მის მიერ რუსულ ენაზე თარგმნილი გ. ერისთავის "გაყრა". 1857-იდან თანამშრომლობდა "ცისკარში". აქვე დაიბეჭდა ჟანლისის, ოქტავ ფელიეს, მოლიერის, შექსპირის, ბომარშესა და სხვების თხზულებათა თარგმანები, 1882 წელს სანქტ-პეტერბურგში გამოაქვეყნა "ახალი ქართული გრამატიკა", რომლის გამოცემას ქართული ენისა და ქართული სკოლების დევნის პერიოდში არა მარტო პრაქტიკულ-პედაგოგიური, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა.
ყიფიანს ეკუთვნის ლექსი - პასუხი ვახტანგ ორბელიანის მიძღვნის ლექსზე - "ძველი მეგობრობის პასუხი" (გაზეთი "დროება", 1883, ფსევდონიმით "ბაქარ ქართლელი"), აგრეთვე მემუარები რუსულ ენაზე (1884-1885).
ყიფიანის დაკრძალვისას ი. ჭავჭავაძისა და ა. წერეთლის მეთაურობით მოწყობილი ხალხმრავალი თავყრილობა მთავრობის საწინააღმდეგო მძლავრ დემონსტრაციად გადაიქცა. მის ხსოვნას უძღვნა ა. წერეთელმა "განთიადი".
დაკრძალულია მთაწმინდაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში, სადაც დიმიტრი ყიფიანმა ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გაატარა დღესდღეობით ფუნქციონირებს, მისი სახელობის სახლ-მუზეუმი.
No comments:
Post a Comment