ჩვენი პროექტი

Saturday, October 9, 2010

მოამაგე აკაკი

                აკაკიმ დიდი ამაგი დასდო ქართული თეატრის განვითარებას.იგი იყო ქართული დასის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი, ილია ჭავჭავაძესთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ,,ქართულ დრამატულ საზოგადოებას”. წლების განმავლობაში ამ საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილედაც მუშაობდა.
                 მგოსანმა კოლოსალური როლი შეასრულა ახალი ქართული სალიტერატურო ენის სრულყოფასა და დამკვიდრებაში.დაუღალავად იღვწოდა ხალხური შემოქმედების შეგროვება-შესწავლისათვის. მისი თაოსნობით დაარსდა ფოლკლორის შემსწავლელი სპეციალური ფონდი. აკაკი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სული და გული


            ........................................................................                         
  აკაკის შესახებ...../ეკა მახარაშვილი/



"მხოლოდ ერთი ასპარეზი დაგვრჩენია - თეატრი, საიდანაც შეგვიძლია გავიგონოთ ჩვენი დედაენა: ის ენა, რომელზედაც მუსიკობდა რუსთაველი, ბრძანებლობდნენ თამარები, რომელზედაც ჰქადაგებდნენ ნინოები და რომელზედაც წამებულნი სიმდაბლით ღმერთს ადიდებდნენ - ქეთევანები და მათნი მსგავსნი.
ჩვენ, ამ თეატრის წყალობით, შეგვიძლიან გავიხსენოთ ჩვენი წარსული, დავინახოთ აწმყო და წარმოვიდგინოთ მომავალი." - ეს აკაკის აზრი გახლავთ. ამ სიტყვებით გასაგები ხდება, როგორ უყვარდა დიდ მგოსანს თეატრი, სცენა... ილია ჭავჭავაძესთან და სხვა დიდ ქართველ მოღვაწეებთან ერთად ის აღდგენილი ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი გახლდათ... მაგრამ, როგორც ამბობენ, სცენის მტვერი თურმე სულ სხვაა...
პირველად სცენაზე 1862 წელს გამოსულა სამშობლოში რუსეთიდან დროებით დაბრუნებული. გიმნაზიის მასწავლებელს - მოსიძეს შეუთავაზებია წარმოდგენის გამართვა, ისიც დიდი სიხარულით დათანხმებულა. ეს სპექტაკლი საზოგადოების თეატრის მიმართ ინტერესის გაღვიძებას ისახავდა მიზნად. აკაკის ხელმძღვანელობით ქუთაისელ სცენისმოყვარეებს წარმოუდგენიათ ზურაბ ანტონოვის პიესა "მზის დაბნელება საქართველოში". სწორედ ამის შესახებ წერდა მოგვიანებით აკაკი: "ზოგიერთი დარბაისლები, ძველი კაცები, ჯავრობდნენ: ჯამბაზობა და მაიმუნობა რა საკადრისიაო, მაგრამ უმეტესობა კი კმაყოფილი დარჩა და იმ ზამთარს კიდევ ორჯერ-სამჯერ წარმოვადგინეთ და დიდი ამბავიც იყო ხოლმე ყოველთვის."
1868 წელს აკაკი პეტერბურგიდან საბოლოოდ დაბრუნდა სამშობლოში და ახლა უკვე რაფიელ ერისთავთან ერთად დაიწყო შრომა და ბრძოლა ქართული თეატრის აღდგენისა და განვითარებისთვის. მათ ერთგულად ედგათ გვერდით შემდეგში ქართული სცენის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ეფრო კლდიაშვილი. როგორი ტანდემი ჰქონდათ აკაკის და ეფროს, ამის შესახებ არსებობს ერთი სახალისო და საინტერესო მოგონება. იდგმებოდა რაფიელ ერისთავის პიესა. იმ დროს სცენისმოყვარეებმა როლები ზერელედ თუ იცოდნენ - სუფლიორის იმედი ჰქონდათ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სუფლიორი თავად რაფიელ ერისთავი გახლდათ. რაფიელს ერთ-ერთი წარმოდგენის დროს პიესის მეორე მოქმედება სახლში დარჩა. ეს ამბავი პირველი მოქმედების დროს გაირკვა. რა უნდა ექნათ - აკაკიმ და ეფრომ მეორე მოქმედება საკუთარი სიტყვებით გაატარეს ისე ბუნებრივად, რომ მაყურებელს არაფერი შეუნიშნავს.
ქუთაისის სცენისმოყვარეებმა მალე გაითქვეს სახელი და ისეთი ინტერესი გაჩნდა მათ მიმართ, რომ თბილისში საგასტროლოდაც მიიწვიეს. თუმცა მალე შეეჯახნენ სამწუხარო რეალობას - იმერეთში მაშინ პერსპექტივა თითქმის არ არსებობდა. აკაკი თბილისში გადმობარგდა...
მრავალმხრივი საქმიანობის მიუხედავად, აკაკის სცენა არასდროს ავიწყდებოდა. თბილისშიც შეკრიბა სცენისმოყვარეები. სწორედ მან აღმოაჩინა და ქართულ სცენას შემატა მსახიობი, რომლის ნიჭზეც ლეგენდები დღემდე დადის - მაკო საფაროვა-აბაშიძისა. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ აკაკი ახალგაზრდების დიდი გულშემატკივარი იყო. შალვა დადიანი იხსენებს: "ახალგაზრდობას თეატრში ის მუდამ გულისხმიერად ეპყრობოდა. მაგალითად, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ნიკო გვარაძე "პატარა კახი"-ს როლში მისგან არის გამხნევებული და თუ შეიძლება ასე ითქვას, დალოცვილი. ასევე ბევრი სხვებიც და მათ შორის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი არეთა ლოლუა...
ასე იყო სხვებთანაც და ამიტომ იყო, რომ თეატრალური ახალგაზრდობაც მასთან ახლო ყოფნას და მის ისედაც მომხიბვლელ საუბარს ეტანებოდა."
საერთოდ, მსახიობებისგან ის ბევრს ითხოვდა და მართალიც იყო. აი, როგორ ფიქრობდა: "საზოგადოდ, მსახიობი (აქტიორი თუ აქტრისა) ნასწავლი და ჭკუა-გონება განვითარებული უნდა იყოს. თორემ მარტო ნიჭი ვერას უშველის. უმეცარი მსახიობი, ცამდინაც რომ ნიჭიერი იყოს, ვერას გახდება მაშინ, როდესაც საჭირო არის სხვადასხვაგვარი სულის მოძრაობა და ძლიერის კვეთებით გადმოცემა...
მათი მოვალეობაც და მნიშვნელობაც დიდია ხალხისთვის... აქტიორი იგივე მოძღვარია ხალხისა... მწერლის სურათებს ის ახორციელებს და ერთად თავმოყრილს ხალხს ცხოვლად და ნათლად გადასცემს. ერთსა და იმავე დროს აქტიორს ან აქტრისას შეუძლიან ამოდენა ხალხს აგრძნობინოს ისე, როგორც თვითონა გრძნობს; თვალი აუხილოს და დაანახვოს: რა არის ცუდი და რა არის კარგი; რა არის საგულისხმო ან საქები და სასიამოვნო. ერთი სიტყვით, დააფიქროს, აგრძნობინოს და აამოქმედოს..."
აკაკიმ რამდენიმე კარგი სპექტაკლიც დადგა. შემორჩენილია მსახიობ ნიკო გვარაძის (რომელიც მგოსნის მიერ დადგმულ "პატარა კახში" მთავარ როლს ასრულებდა) მოგონება, სადაც ნათლად ჩანს, რომ აკაკის კარგად ჰქონდა
გაცნობიერებული რეჟისორის პასუხისმგებლობა და რომ მსახიობების მიმართ ობიექტურად მკაცრი იყო: "თუ რა სერიოზულად და გულმოდგინედ ამზადებდა აკაკი პიესებს, მოვიტან ერთ პატარა მაგალითს. კახს პიესაში ასეთი ფრაზა აქვს: "უფლისწულობა"... მე რაღაცნაირად, როლის სწავლის დროს, თავში ჩამრჩენოდა "წულობას" მაგივრად "წულება". გამოვიდოდი სცენაზე რეპეტიციის დროს და ვიტყოდი: "წულება". აკაკი მაშინვე უკან დამაბრუნებდა. კიდევ დავიწყებდი როლს თავიდან და ამ სიტყვასთან რომ მივიდოდი, მაინც "წულებას" ვამბობდი. ასე დამაბრუნა უკან, მგონი, თუ არ ვცდები, ათჯერ. მოთმოთმინებიდან გამოსულ აკაკის გული მოუვიდა და გაჯავრდა. აღარ ვიცოდი რა მექნა, წამსკდა ტირილი. აკაკიმ რეპეტიცია შეწყვიტა. მთელი დასი მე შემომყურებს. ბოლოს, მოვიდა ჩემთან მსახიობი ქალი ელ. ჩერქეზიშვილი, მომეფერა და მითხრა: "ნუ სწუხარ, შვილო! სცენამ როგორც სიტკბო იცის, ისევე სიმწარეცაო!"
1903 წელს დრამატული საზოგადოების მაშინდელ თავმჯდომარეს ნიკო ქართველიშვილს აკაკისთვის ერთი სეზონის განმავლობაში ქართული თეატრის ხელმძღვანელობა და რეჟისორობა შეუთავაზებია, რაზეც მგოსანი დიდი სიამოვნებით დათანხმებულა. შეკრებაზე აკაკის სიტყვა წარმოუთქვამს, რომლითაც მთელი დასი და გამგეობა აღტაცებული დარჩენილა. აი, ნაწყვეტი ამ სიტყვიდან: "ბატონებო! მოხარული ვარ, რომ გარემოებამ ამ სიბერის დროს კიდევ გამომიყვანა თქვენთან ერთად სამუშაოდ... მეც სწორედ ბებერ ხარად გამაბა თქვენთან ერთად უღელში გამგეობამ... რომ ეს შედარება არ გეუცხოოთ, ერთ მაგალითს სხვასაც კიდევ მოგაგონებთ "სამშობლოდან". მოხუცი ლეონიძე ეუბნება ახალგაზრდა ხიმშიაშვილს: "ჩემი მკლავი ისე მტკიცე აღარ არის, როგორც შენი, წინ გაუძეხ ჯარსაო. შენ გამარჯვება ასწავლე და მე სიკვდილს ვასწავლიო". ამაზე უფრო საგულისხმოს მე ჩემთავად, რომ კიდეც მოვინდომო, ვერას მოვახერხებ, და მაშასადამე, მე იმას მივბაძავ და გეტყვით: თქვენ დამანახვეთ ერთგულება, მხნეობა და გამრჯელობა ქართული თეატრისადმი და მე გიჩვენებთ მაგალითს მისი სიყვარულისას. ვინმემ შეიძლება იფიქროთ სად სამშობლო და სად თეატრიო!.. მართალია, შორი-შორაა, მაგრამ რაც კი საჭიროა ჩვენი ცხოვრებისათვის და სასარგებლო, დიდია თუ პატარა, ყველა ხელჩასაკიდებელია. თეატრი ხელოვნების ტაძარია, სამოძღვრო ამბიონი და არა უბრალო გასართობი, საფუნდრუკო რამ. სცენა არის ეროვნული სარკე, რომელიც უშიშრად და უტყუარად უნდა გვისახავდეს ჩვენი ცხოვრების ავ-კარგს, რომ სანახაობით მოხიბლული, მშვენიერებისაკენ სიყვარულით მივისწრაფოდეთ. ნუ დაივიწყებთ, რომ ძლიერი სარკე თქვენ უნდა დაიჭიროთ ხელში. მე, რასაკვირველია შეძლებისდაგვარად ვეცდები ავასრულო ჩემი თქვენდამი მოვალეობა და თქვენგანაც მოვითხოვ შემდეგს:
1) გამტკიცებულ-გასპეტაკებულ ქართულ ენას და არა ჩიქორთულს.
2) როლების გაზეპირებას, რომ კარნახის (სუფლიორის) იმედით აღარ იყოთ.
3) პიესის მთავარი აზრის შეგნებას.
4) თავ-თავისი როლების დაკვირვებით შესწავლას.
5) რეჟისორის სურვილთან თქვენი სურვილის შეთანხმებას, რომ აღარავინ სთქვას: "ეს დიდი როლია", "ეს პატარააო", "ეს შემშვენის", "ეს არაო", "ამას ვითამაშებ", "იმას არაო" და ამგვარები. ხელოვნება მშვენიერებაა და მშვენიერებამ კი თავისთავად დიდი და პატარა არ იცის. თუ ჩვენ ამგვარად ნელ-ნელა, დღეს-ხვალობით სწორე გზას დავადგებით, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებაც უყურადღებოდ და უთანაგრძნობოდ არ დაგვაგდებს და უიმისოდ კი ნება არ გვაქვს გულ-გრილობა ვუკიჟინოთ საზოგადოებას."
ნიკო გვარაძე აკაკის დანიშვნის შესახებ თავის ვარაუდს გამოთქვამდა: "რა იყო მიზეზი, რომ ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობამ და, განსაკუთრებით, ნიკო ქართველიშვილმა აკაკი მოიწვიეს რეჟისორად? მე მგონია, ამის მიზეზი ის იყო, რომ ჩვენი დამსახურებული მსახიობები ვერ რიგდებოდნენ ერთიმეორეში. ყველა მათგანს სურდა ისეთი პიესები დადგმულიყო, სადაც თვითონ პირადად ექნებოდა მთავარი როლი. ქართულ თეატრში სწორედ ასეთი მდგომარეობა იყო, როცა აკაკი მოიწვიეს რეჟისორად. ჩვენს გამგეობას ეგონა, რომ აკაკი, როგორც ყველასგან პატივსაცემი და თეატრის კარგი მცოდნე, ამ არევ-დარევას და სცენიურ ინტრიგებს ბოლოს მოუღებდა, მაგრამ გამგეობა ძალიან შეცდა. აკაკი, როგორც ზევით ვთქვით, მეტად ფაქიზი და ზრდილობიანი ადამიანი იყო, თავის დღეში ხმამაღალ სიტყვას არ იტყოდა, არავის უდიერად არ მოექცეოდა, არ უნდოდა, რომ დასში უკმაყოფილება ყოფილიყო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, დასში უსიამოვნებას მაინც ჰქონდა ადგილი. მახსოვს აკაკიმ "სამშობლო" რამდენჯერმე რომ დადგა და "პატარა კახის" მომზადება დაიწყო, უნდოდათ, რაიმე ძველი, ნათამაშევი პიესა განეახლებინათ. კოტე მესხმა დაასახელა "ჭირვეული ცოლის მორჯულება" შექსპირისა, უნდოდა მთავარი როლი - პეტრუჩიო - ეთამაშნა; ვალერიან გუნიას კიდევ ველიჩკოს "პირველი ბუზის" დადგმა უნდოდა, სადაც მას პირადად მთავარი როლი ჰქონდა ნათამაშევი. ამ ნიადაგზე უსიამოვნება ჩამოვარდა."
აკაკის, თეატრის ხელმძღვანელის რანგში, პირველად დაუდგამს დავით ერისთავის "სამშობლო". წარმოდგენას დიდი მოწონებით შეხვედრია ქართული საზოგადოება. ამ სპექტაკლს "ივერიაც" გამოხმაურებია: "სიამოვნებით უნდა ვაუწყოთ მკითხველს, რომ დასაწყისი სეზონისა, საზოგადოდ, ყოვლად ჩინებული იყო. მართალია, საეჭვოდ არავის მიაჩნია, რომ ბატონი აკაკი, დასაბამითვე მოამაგე და დიდად დახელოვნებული ჩვენი სცენის საქმეებში, თავის მადლიან ხელს დაამჩნევდა წრევანდელ ქართულ წარმოდგენებს, მაგრამ კვირის წარმოდგენამ მაინც ყველა მოლოდინს გადააჭარბა."
დაიხურა თუ არა სეზონი, აკაკიმ თეატრის ხელმძღვანელობას თავი დაანება და ამით თავისი სარეჟისორო მოღვაწეობა დაასრულა, მაგრამ ის სიცოცხლის ბოლომდე ქართული თეატრის ერთგულ მეგობრად და გულშემატკივრად დარჩა.
ის არაჩვეულებრივი მაყურებელიც ყოფილა. ამაზე ყურადღება შალვა დადიანმა გაამახვილა: "აკაკი, როგორც მაყურებელი, მეტად უშუალო იყო და გულღია. მე მინახავს, ასე ვთქვათ, აკაკის რანგის მაყურებელი თეატრში. წინათაც და ახლაც, ყველა ესენი ფილოსოფოსებივით სხედან თავიანთ სავარძელში და რაც უნდა სასაცილო ადგილი იყოს პიესაში, ღიმილსაც ვერ შეატყობთ; და თუ რამე დრამატული მომენტია, ამასაც ვერ შეამჩნევთ - იქონია მასზე გავლენა თუ არა. უთუოდ იმიტომ, რომ სირცხვილად მიაჩნიათ დარბაისელმა ადამიანებმა თავიანთი გრძნობები საჯაროდ გამოამჟღავნონ...
აკაკი სულ სხვა იყო, ის ცოტა რამ სასაცილოზედაც სცენაზე გულით ხარხარებდა, სამწუხაროზე - დაღვრემილი იყო, მის ბიბლიურ სახეზე აშკარად იხატებოდა სცენებით გამოწვეული მღელვარება..."
თეატრალების მეგობარი, გულშემატკივარი, არაერთი საინტერესო და საჭირო პიესის ავტორი და, როგორც ზევით აღვნიშნეთ, კარგი მაყურებელი, ქართული თეატრის არც ერთ წარმოდგენას არ აკლდებოდა. სწორედ ამიტომაც აირჩიეს ქართული სცენის მოღვაწეთა I ყრილობის საპატიო თავმჯდომარედ, რომელიც 1914 წლის 8 ივლისს შალვა დადიანის ორგანიზატორობით თბილისში გაიხსნა. ეს გახლდათ საპასუხო ნაბიჯი თეატრისადმი მგოსნის ერთგულებასა და თავდადებაზე...
                                                                              /ეკა მახარაშვილი/
                       ............................................................................
                     იუბილე თუ პროტესტი?           /ივანე ამირხანაშვილი/
“როგორ ასწრებს?!” – ამ სიტყვებით გამოვხატავდით გაკვირვებას გურამ შარაძის მიერ ბოლო დროს განხორციელებული გამოცემების გამო. თუმცა მან ისე დააჩქარა გამოცემების ტემპი, რომ უკვე ის კი აღარ გვაკვირვებს, თუ როგორ ასწრებს, არამედ ის, თუ ასე სწრაფად როგორ მუშაობს. მართლაცდა – “ასე სწრაფად?!” რამდენიმე თვის წინ გამოსცა ორი უზარმაზარი ტომი: “აკაკი წერეთელი, ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება” და “აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში”. ახლახან ამას დაუმატა მესამეც – “აკაკის იუბილე”. ორ-სამ თვეში კი აკაკისადმი მიძღვნილი ხუთტომეულის დასრულებას გვპირდება.
“აკაკის იუბილე” 480-გვერდიანი ისტორიულ-ფილოლოგიური და დასურათხატებული მატიანეა; გამომცემელი – გურამ შარაძის ბიოგრაფიული ბიბლიოთეკა “ბიოგრაფიკა”, მეოხი – საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”.
კარგია, რომ გურამ შარაძე ტომებს თემატურად ალაგებს. თემა თავისთავად კარგი საგანია განსჯისათვის. რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობაც და იუბილეც ბევრ საფიქრალს აღძრავს. ფაქტიურად, ეს არის ერთი თემა, უფრო სწორად, ერთი და იმავე მოვლენის ორი მხარე: აკაკის პიროვნება კერძო თვალსაწიერში და აკაკის ფენომენი ზოგად თვალსაწიერში.
მაინც რა იყო აკაკის გრანდიოზული პოპულარობის მიზეზი, რატომ იყო სიცოცხლეშივე გაღმერთებული? ჩვენში ხომ, როგორც წესი, ღირსეულად სიკვდილის შემდეგ აფასებენ მწერლებს. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ დიდ მწერლებს, თორემ პატარა მწერლებს ზოგჯერ დაბადებამდეც ვადიდებთ ხოლმე.
ქვეყანა, საიდანაც რუსთაველი გააძევეს, სადაც დავით გურამიშვილს დაბრუნება არ აღირსეს და სულხან-საბა ორბელიანი წვერით ათრიეს, სადაც მოკლეს ილია ჭავჭავაძე, მიხეილ ჯავახიშვილი და ტიციან ტაბიძე, სადაც თავი მოაკვლევინეს პაოლო იაშვილსა და გალაკტიონ ტაბიძეს, ქვეყანა, სადაც იშვა უკვდავი ფორმულა “ცოცხალი ხარ, გატირებ, მოკვდები და გიტირებ”, უცებ იფეთქებს და აკაკის სიყვარულით დაიფერფლება, უგვირგვინო მეფედ გამოაცხადებს, ღვთაებად აღიარებს, სალოცავ ხატად დაიყენებს.
ამ ამბის მიზეზების გარკვევა ადვილიც არის და ძნელიც. გააჩნია, რა კუთხით შევხედავთ, როგორ დავაკვირდებით, რაზე გავამახვილებთ ყურადღებას. ერთი კი ფაქტია, აკაკი მართლაც წრფელად და ალალად უყვარდათ, და, სხვათა შორის, ისიც ფაქტია, რომ ღვთაებად გამოცხადებულმა პოეტმა ცხოვრება მარტოობასა და უკიდურეს გაჭირვებაში განვლო.
წიგნი “აკაკის იუბილე” გარეკანიდანვე შთამბეჭდავად იწყება, ჰენრიკ ჰრინევსკის მიერ 1908 წელს აკაკის საიუბილეოდ შესრულებული ნახატი სტილისტურად, ბუნებრივია, მოძველებულია, მაგრამ, სამაგიეროდ, თავისი დროის სულისკვეთებას გამოხატავს ძალიან მკვეთრად და რელიეფურად, რაღაც თვალსაზრისით ეს შეიძლება “საერო” ხატადაც მივიჩნიოთ, ყოველ შემთხვევაში, ასეთ ასოციაციას ბადებს ამაგდარი პოლონელი მხატვრის მიერ დახატული მიძღვნა.
შთამბეჭდავია იუბილეს გეოგრაფია. აკაკის იუბილეები გაიმართა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ხონში, გორში, თელავში, ყვარელში, ბაქოში, სტამბოლში, პარიზში, რომში, ბრიუსელში, ჟენევაში, ოდესაში, კიევში, ხარკოვში, მოსკოვში, პეტერბურგში, კალიფორნიაში…
1908 წელს შესრულდა აკაკის საზოგადო და სამწერლო მოღვაწეობის 50 წლისთავი. შეიქმნა “იუბილეის კომიტეტი” და დაიწყო ზეიმი, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში, 1912 წლამდე გრძელდებოდა.
“ეს არ არის უბრალო იუბილე, რომელიც ერთ დღეს თავდება, ეს არის ხანგრძლივი სახალხო “დღესასწაული”, – უთქვამს აკაკის.
შესაშური ენთუზიაზმით მუშაობს “იუბილეის კომიტეტი” (გიორგი ყაზბეგი – თავმჯდომარე, იაკობ გოგებაშვილი – მოადგილე, სოფრომ მგალობლიშვილი – მდივანი, სამსონ ფირცხალავა – მდივანი, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი, ვალერიან გუნია, სოსიკო მერკვილაძე, ნიკოლოზ ერისთავი, პავლე თუმანიშვილი, პარმენ ჭიჭინაძე, ივანე გომართელი). არსდება აკაკის სალიტერატურო ფონდი, სხვადასხვა ქალაქებსა და დაბებში იქმნება ადგილობრივი საიუბილეო კომიტეტები; იგეგმება სადღესასწაულო წარმოდგენები, წირვა-ლოცვები, საღამოები, შეხვედრები; გამოიცემა კრებულები, ალმანახები, ბუკლეტები, ღია ბარათები; გროვდება ფულადი შემოწირულობები.
პირველი საიუბილეო დღესასწაული იმართება თბილისში, სახაზინო (ოპერის) თეატრში 1908 წლის 7 დეკემბერს. თუმცა თეატრამდე იყო პარაკლისი, რომელიც ხალხით გაჭედილ სიონის ტაძარში გადაიხადეს ეპისკოპოსმა დავითმა, დეკანოზებმა მარკოზ ტყემალაძემ და კალისტრატე ცინცაძემ, მღვდლებმა ნიკიტა თალაკვაძემ და ნესტორ მაჭარაშვილმა. თერთმეტ საათზე მგოსანი მრავალი მოწვეული სტუმრის, სამღვდელოებისა და ხალხის თანხლებით სიონის ტაძრიდან გამობრძანდა. იუბილარის ლანდოს ასამდე ეტლი მიჰყვებოდა. გზებზე გამწკრივებული თბილისელები “ვაშას” ძახილით ესალმებოდნენ საყვარელ პოეტს.
“რაღაც გამგმირავი და ღვთიური განცდის მომგვრელი იყო ეს “ვაშა”. ტფილისის ქუჩებს სიონიდან სახაზინო თეატრამდე სადღესასწაულო ელფერი ედო. სუყველგან “ვაშათი” და ქუდმოხდილნი უხვდებოდნენ საქართველოს უგვირგვინო მეფეს. სახაზინო თეატრის გარშემო მრავალ ათას კაცს მოეყარა თავი”, – იუწყებოდა “სახალხო ფურცელი”.
როგორც გურამ შარაძე წერს, თბილისელებთან ერთად აქ ყოფილა წინა დღით პროვინციებიდან ჩამოსული აუარება ხალხი. განსაკუთრებით ბევრი ყოფილა იმერეთიდან, კახეთიდან, საინგილოდან, ქართლიდან, მესხეთიდან, გურიიდან, სამეგრელოდან, აჭარიდან და აფხაზეთიდან. არ დარჩნილა ქალაქი და დაბა, დეპუტაცია რომ არ გამოეგზავნოს. დეპუტაციები ყოფილა ამგრეთვე მაჰმადიანთა, სომეხთა, ებრაელთა და სვხა ეროვნებათა კულტურული დაწესებულებებისგან.
თეატრის დარბაზში ტევა არ იყო. ათი იმდენი გარეთ დარჩა. გარეთ დარჩენილთა შორის აღმოჩნდა გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც შემდეგ იგონებდა:
“აკაკის იუბილე იყო, ბევრმა პირველად დაინახა ამ დღეს აკაკი.
მე ერთი კვირის წინეთ ვიკითხე სახაზინო თეატრის კასაში ბილეთი, მაგრამ სრულიად გაყიდულიყო ბილეთები.
დავრჩი ასე, რომ აკაკი ვერ ვნახე, უკვე თხუთმეტი წლის ვიყავი, სემინარიაში ვსწავლობდი, ლექსებსაც ვწერდი, ვბაძავდი აკაკის… “სირცხვილი არ არის, რომ აკაკი ვერ ვნახო?” – ვფიქრობდი, მაგრამ შემთხვევა არ მომეცა. სიონის ტაძრიდან აკაკი ეტლით წამოიყვანეს, მინდოდა დამენახა, მაგრამ ჩემს წინ ჩემზე მაღალი ხალხი იდგა. ეტლმა ჩაიარა კიდეც… შემდეგ სახაზინო თეატრის წინ ვიცდიდი, ხალხი ბუზივით ირეოდა… გათავდა საიუბილეო ზეიმი, აკაკი კი არ სჩანდა. ხალხი მოუთმენლად ელოდა მის გამოსვლას.
- რაზოიდიტეს! – გაისმა პოლიციელის ხმა, აკაკი უჟე უიეხალ.
- აკაკი წავიდა!
გულდაწყვეტილი გვიან დავბრუნდი ბურსაში, სადაც სემინარიელები ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ შთაბეჭდილებებს აკაკიზე”.
ბედის ირონია: გალაკტიონი რომ ამაოდ ცდილობდა თვალი მაინც მოეკრა აკაკისთვის, ამ დროს ვაჟა-ფშაველა ძალით შეჰყავდათ თეატრში. “მთის არწივი” ენის დაწუნების გამო ნაწყენი იყო აკაკიზე და არ სურდა იუბილეზე დასწრება, თუმცა სწორედ იმ დღეს დაწერა და სახაზინო თეატრის სცენაზე წაიკითხა აკაკისადმი მიძღვნილი ცნობილი ლექსი, რომელიც ასე მთავრდება: “მადლობელი ვარ გულითა, შოთაის სულის ლხენამა! სამშობლოს სამსახურისთვის ჩანგი გიკურთხოს ზენამა!”
ერთი კვირის შემდეგ, 1908 წლის 14 დეკემბერს ქუთაისი აღნიშნავდა იუბილეს. თუ როგორ ემზადებოდნენ ქუთათურები, ამის შესატყობად ღირს ოსკარ შმერლინგის მეგობრული შარჟის ნახვა.
აქაც ზუსტად ისეთივე სიუჟეტი ჰქონდა აქციას, როგორც თბილისში: ჯერ საიუბილეო სადღესასწაულო პარაკლისი ალექსანდრე ნეველის სახელობის ქუთაისის საკათედრო ტაძარში (სობოროში), შემდეგ კი ორნაწილიანი საზეიმო წარმოდგენა ქუთაისის დრამატულ თეატრში.
21 დეკემბერს აკაკი უკვე ბაქოშია. ზეიმი იმართება ადგილობრივი საკრებულოს დარბაზში, სადაც რესპექტაბელურ საზოგადოებას სოციალ-დემოკრატები შეერევიან და დისონანსს შეიტანენ საიუბილეო განწყობილებაში. სიტყვით გამოსულმა გრიგოლ ურატაძემ პირდაპირ საყვედურები გადმოულაგა მგოსანს იმის თაობაზე, რომ მას მუშები და სოციალისტები არ უყვარდა.
აკაკიმ, რა თქმა უნდა, ღირსეული პასუხი გასცა ურატაძეს და ძმათა მისთა, მაგრამ მთავარი ეს კი არ არის, არამედ ის, რომ სოციალ-დემოკრატები თბილისსა და ქუთაისშიც ცდილობდნენ აკაკის გაღიზიანებას და საზოგადოების ყურადღების მიპყრობას.
ბრიუსელსა და ჟენევაში საიუბილეო საღამოები თბილისის იუბილეს, 1908 წლის 7 დეკემბერს, დაამთხვიეს; სხვა ქალაქებში სხვადასხვა წლებისა და თვეებში გაიმართა.
აშკარაა, რომ აკაკის იუბილე მსოფლიო მასშტაბის აქციად იყო ჩაფიქრებული.
იუბილე… იუბილე… იუბილე… გამაღიზიანებელია ამდენი ზეიმი, ამდენი მისვლა-მოსვლა, ამდენი მილოცვა და რევერანსი. ეს ალბათ აკაკისაც გააღიზიანებდა. თუ არ გააღიზიანებდა, დაღლიდა მაინც. თუმცა არც მას და არც ზეიმის ორგანიზატორებს დაღლის უფლება არ ჰქონდათ, რადგან მათ იცოდნენ, რას აკეთებდნენ.
უყურებ კომპიუტერზე გაცოცხლებულ ძველ ფოტოებს, უყურებ ამ ზღვა ხალხს, საერთო აღტკინებით გაერთიანებულ ქართველებს, უყურებ მათ ამდენ ფორიაქს, ამდენ ცდას, ამდენ მოწიწებას და გრძნობ, რომ ეს მარტო მგოსნის დღეობა არ არის, მარტო საიუბილეო დღესასწაული არ არის, მილოცვის გარდა ეს ხალხი კიდევ რაღაცას გამოხატავს, რაღაც დამალულ, ფარულ გრძნობას, რომელიც ძალიან ჰგავს პროტესტს.
დავუკვირდეთ, როდის დაიწყო აკაკის საიუბილეო ღონისძიებები? – ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ! ქართველმა მოღვაწეებმა აკაკის იუბილე ფაქტიურად “გამოიგონეს”, მათ შეეძლოთ წელიწადნახევვარიც მოეცადათ და აღენიშნათ პოეტის დაბადების სამოცდაათი და ლიტერატურული მოღვაწეობის 50 წლისთავი, მაგრამ საჭირო იყო სწორედ ილიას მკვლელობის წლისთავს დამთხვეოდა ეს ფართომასშტაბიანი აქცია, რომელსაც ქართველთა ეროვნული მთლიანობა და ილიას იდეებისთვის ბრძოლის სურვილი უნდა ეჩვენებინა.
ამას გრძნობდნენ ქართული ნაციონალიზმის მტრები, მათ შორის, სოციალ-დემოკრატებიც, რომლებიც თავხედურად აქტიურობდნენ თბილისში, ქუთაისში და განსაკუთრებით ბაქოში, სადაც აკაკი იძულებული გახდა ეპასუხა მათი გამოხდომებისთვის…
ერთი სიტყვით, “აკაკის იუბილე” წარმოგვიდგენს ქართული ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ საინტერესო ეპიზოდს, რომელის ცენტრში ვხედავთ მზიურ აკაკის, გარშემო კი ქართველი ინტელიგენციისა და საერთოდ იმ ხალხის თანავარსკვლავედს, ვინც მონაწილეობდა ზეიმისა და პროტესტის ამ მსოფლიო აქციაში.
უსათუოდ მადლობის ღირსია გურამ შარაძე, რომელმაც კიდევ ერთხელ გაგვაკვირვა შრომისნაყოფიერებით. იგი იმდენს ასწრებს და თანაც ისე სწრაფად, რომ ზოგჯერ, ერთი ჩვენი მეგობრისა არ იყოს, შეიძლება იფიქრო, გურამ შარაძე ერთი კი არა, რამდენიმეა.
“ლიტერატურული საქართველო ” N 11,  16-22 მარტი, 2007 წელი


No comments:

Post a Comment