რუსუდან ნიკოლაძე
„აკაკის სამრეკლო“. გამომცემლობა „განათლება“. თბ. 1991 წ. გვ. 428-442.
ქუთაისის „რიონის პირი“ მისი ბაგრატის ტაძრის ნანგრევებით ჩემს ბავშვურ წარმოსახვაში მთლიანად დაკავშირებულია აკაკის სახელთან, მის ჩანგთან, ისევე, როგორც გურამიანთ კარი, ავჭალა ან საგურამო, ზედაზენი და ილიას „ივერია“. ოღონდ ერთი განსხვავებით, მამიდების პანსიონში ჩვენსავით აცელქებული და მამიდა კატოს მიერ „დატუქსული“ აკაკი ჩვენ ტოლ-ამხანაგად მიგვაჩნდა მაშინ; ილიას პიროვნება კი ჩვენი თაობის ახალგაზრდობისათვის დიდი პოეტი და დიდი ადამიანი, დინჯი და აუჩქარებელი, ყველგან დიდი რჩებოდა. ამიტომ ჩვენ, მისი დროინდელი ახალგაზრდები მას მხოლოდ შორიდან შევცქეროდით-მოკრძალებითა და აღტაცებით, ჩვენთან ყოფნის დროსაც; თუმცა ჩვენს უფროსებთან, შინაურულ გარემოში, პოეტს სულ უბრალოდ ეჭირა თავი, სავსებით ,,დემოკრატიულად“, მაგრამ რაღაცა იყო მის პიროვნებაში, ისეთი ბუმბერაზული, რაც ჩვენ, უხილავ ჯებირად გვეღობებოდა დაახლოებისათვის.
ასევე მორიდებით ვიყავით ნათლია კირილეს მიმართაც.
სამუდამოდ ჩამრჩა გულში დიადი ხუთეული.
ილია-ბუმბერაზი.
აკაკი-ჩვენი მაშინდელი სავარდო და სამაისო ქუთაისის ცა ფირუზ-ხმელეთ-ზურმუხტ ქვეყნის ტკბილი მომღერალი...
ნათლია კირელე-სამშობლოს ჭირ-ვარამით დაფიქრებული.
გიორგი წერეთელი -„კვალის“ რედაქციის ოთახში, თავის საწერ მაგიდასთან „მესამე დასის“ ახალგაზრდა „გურია-სამეგრელოთი“ გარშემორტყმული.
და ბოლოს, ნიკო ნიკოლაძე...
ის ჩვენთვის უპირველეს ყოვლისა, მამა იყო...
* * *
აკაკი ბავშობიდანვე მახსოვს. მისი ნამდვილი ბუნება კი უკეთ უფრო გვიან ვიგრძენი, ქუთაისში, ჩემი მამიდების, კატო და ანიჩკა ნიკოლაძეებისას, გიმნაზიაში რომ მიმაბარეს, 1896-98 წლებში.
ოცამდე მოზარდი ვიყავით მამიდების ცნობილ „რიონისპირა“ პანსიონში. მინდა აღვადგინო აკაკის სურათი იმ ჩვენს, აკაკის საყვარელ „მწვანე-ჯეჯილურ“ გარემოში და ამავე დროს მისი ძველი, განსაკუთრებული მეგობრის, ანასტასია ნიკოლაძის გვერდით.
მხიარული, მჭიდროდ შეკავშირებული ახალგაზრდა „კომუნა“ იყო კირილე ლორთქიფანიძისა და აკაკის მიერ ასე მონათლული ჩვენი პანსიონი. როგორ გვიყვარდა აკაკის ჩამოსვლა ქუთაისში! მხიარული, ამყოლი, და თითქოს ჩვენზე უფრო ახალგაზრდა ყოველგვარ ეშმაკობასა და ოინებში, იგი ყველას ფეხზე გვაყენებდა თავისი გამოჩენის პირველი წუთებიდანვე.
ხან ლექს წაგვიკითხავდა, ან ჩვენ გვათქმევინებდა; ხან სიცილით დაგვხოცავდა რისიმე მოყოლით; ხან პირიქით, დაგვცინებდა, რომელიმე ჩვენგანს კიდეც აატირებდა ხოლმე. ხან რაიმე მოგონებით გაგვიტაცებდა და თვითონაც აგყვებოდა.
იმ დროიდან ყველაზე უფრო ცოცხლად ასეთი სურათი მიდგება თვალწინ: ქუთაისის თეთრ ხიდთან ახლოს, რიონის მაღალ ნაპირზე იდგა ბაბუაჩვენის ძველი სახლი, მისი მშვენიერი აივნით, რიონს რომ გადასცქეროდა. ძირს კი კლდეებზე აზვირთებული რიონი ჩქეფდა, ურჩი და თეთრად აქაფებული. როგორ გვიყვარდა მის ახლოს თამაში და მისი ტალღების „წვიმა“. როგორ ველოდით დილაობით აკაკის გამოჩენას. იგი აივანზე მხიარულად გამოდიოდა ნათელი სახით... გულმკერდს დილის სიოს შეუშვერდა, გაბრწყინებულ თვალებს გადმოგვავლებდა და ჩამოგვძახებდა:
გამარჯობა ქუთაისო,
სავარდო და სამაისო.
სხვა გარემოშიც მახსოვს აკაკი. ეს იყო თბილისში ბარათაშვილის გადმოსვენების დღეს, 1893 წლის 25 აპრილს.
8 წლის ვიყავი მაშინ. იმ დღის შთაბეჭდილებები შეტანილი მაქვს ჩემი ბავშობის „დღიურში“.
ნ. ბარათაშვილის გადმოსვენებაზე დედამ მეც წამიყვანა.
ჩვენს ოჯახში ბარათაშვილის პოეზია და საერთოდ მწერლობა დედის რძესთან ერთად ჰქონდა ყველას შეთვისებული. ბებია ქეთევანი, დედა, მამა, დეიდები და ბიძაჩემი დავით გურამიშვილი სულ მის ლექსებს წარმოთქვამდნენ, როდესაც მწერლობაზე ჩამოვარდებოდა ლაპარაკი.
განსაკუთრებით აფასებდა ბარათაშვილს ილია. არ მახსოვს მისი არც ერთი ისეთი შეხვედრა ბებიაჩემთან, რომ შოთაზე, ბარათაშვილზე და სხვა მწერლებზე არ დაეწყოთ საუბარი.
ამიტომ გასაგებია, რა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ილიას და მამაჩემის მიერ მოტანილმა საოცარმა ამბავმა, რომ ნახევარი საუკუნის წინ გარდაცვლილი პოეტის გვამს თბილისში მოასვენებენ შორეული მიდამოების „ტიალ მინდვრებიდან“ და დიდუბეში უმზადებენ საფლავს „მისსა წინაპართ საფლავთა შორის“.
თითქმის არ მძინებია წინა ღამეს. გათენებისას წამოვხტი, მე და ბებია ქეთევანი ერთად შევხვდით მამაჩემს აივანზე, მზის ამოსვლისას. აპრილის მშვენიერი დილა იყო და მზე მთაწმინდას აბრწყინებდა თავისი პირველი სხივებით.
- ყოჩაღ, უკვე ამდგარხარ! - მომმართა მამამ. - რა მშვენიერი დილაა, - მიუბრუნდა იგი ბებიაჩემს და წამოიძახა სიხარულით: „ცა ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტო“...
სულ რამდენიმე თვე იყო, რაც აღტაცებულმა გიორგი წერეთელმა პირველად მიუტანა მამას აკაკის ეს ახალი ლექსი, დაწერილი „კვალის“ პირველი, საზეიმო ნომრისათვის. აქამდე მახსოვს, რა აღტაცებაში მოიყვანა ამ ლექსმა მთელი ჩვენი ოჯახი, ყველა ჩვენი სტუმარიც.
სათაური „განთიადი“-ც სპეციალური მნიშვნელობით იყო შერჩეული და ლექსი ალივით მოედო მთელს იმდროინდელ ქართველ საზოგადოებას.
მე და გიორგის - ჩემს ძმას, ბებია ყოველ საღამოს გვიამბობდა რაიმეს ძველი ქართველი გმირების შესახებ, ან საინტერესო ზღაპრით გვართობდა, ან „ვეფხისტყაოსნიდან“ წაგვიკითხავდა სტროფებს. ბებიას ძალიან მოსწონდა აკაკის „სიზმარი“ – „ივერიის სამებას“ უწოდებდა; ეს ლექსი აკაკის თურმე ილიასთვის ჰქონდა დაწერილი, მისი გაზეთის „ივერიის“ „გასაუკვდავებლად“, - როგორც აკაკიმ იცოდა ხუმრობით თქმა.
„განთიადსაც“ ასევე აფასებდა ბებია. ერთხელ ბებიაჩემმა უთხრა ილიას: შენი „ივერიისათვის“ შექმნილი „სიზმარის“ შემდეგ ჯერ ასეთი არა დაუწერია რა აკაკისაო.
- დიდი პოეტია აკაკი, - წამოიძახა მამაჩემმა, - არ მომკვდარა ბარათაშვილი; „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა“...
ჩემს ხსოვნაში ღრმად ჩარჩა ხალხით სავსე ქუჩები, დიდუბის მინდორი, პოეტის კუბო, აკაკის, ილიასა და სხვების მიერ წარმოთქმული სიტყვები. ქართველი საზოგადოების გლოვა...
* * *
ერთი-ორი წლის შემდეგ მამა ფოთში მიიწვიეს სამუშაოდ და ჩვენც თან წავყევით. რამდენიმე საინტერესო რამ გავიგეთ ბავშვებმა იმ წლებში ჩვენი უფროსების კამათიდან, ჯერ თბილისში, ჩვენსა და „კვალის“ რედაქციაში, 1893-94 წლებში, შემდეგ კი ფოთსა და ჯიხაიშში.
მამა ფოთის დიდ მომავალზე ფიქრობდა. დიდ როლს ანიჭებდა მას ქვეყნის ეკონომიკურად დაწინაურების საქმეში. აკაკი და გიორგი წერეთელი - კი ქუთაისის მომავალს აძლევდნენ ყველაზე მეტ მნიშვნელობას. ამ საკითხებზე ხშირად უკამათნიათ მამას, აკაკის და გიორგის.
ასეთი კამათის შედეგად დაწერა აკაკიმ „ქუთაისი“ და „ზღვაო, აღელდი“.
გიორგი წერეთელი კი იმ დროს უკვე თავისი „პირველი ნაბიჯის“ შესავალ თავებს ამზადებდა, მამა ახალი მშენებლობის გეგმებს სახავდა.
* * *
თითქმის 12 წლისა ვიყავი, როცა ქუთაისში გამისტუმრეს მამიდებთან და იქაურ ქალთა გიმნაზიაში მიმაბარეს. იმ დროს მამიდებს ოცამდე მოწაფე ვყავდით: ორი ქალი - მე და მათი ნათლული ელენე ჩხეიძე, დანარჩენი კი ბიჭები, ზოგს გიმნაზიისათვის ამზადებდნენ, ზოგიც უკვე სწავლობდა გიმნაზიაში.
ერთ მთლიან, მჭიდროდ შეკავშირებულ ოჯახს წარმოადგენდა ჩვენი პანსიონი, რომელსაც აკაკი „ქაჯეთს“ უწოდებდა.
ჩვენი რიონისპირა „ქაჯეთი“ და მისი „ნესტანი“ - მამიდა ანიჩკა, მართლაც „სავარდო და სამაისო“ გასახსენებელია აკაკის მრავალფეროვანი ცხოვრებიდან.
აკაკის გარდა გიორგი წერეთელიც ხშირად ჩამოდიოდა ქუთაისში ჩვენთან. მეტადრე მას შემდეგ, რაც მეფის ცენზურამ მისი „გულქანი“ აკრძალა 1896 წელს თბილისში და იგი ახლა რაღაც საბავშვო მოთხრობებს ბეჭდავდა ქუთაისში.
გიორგი წერეთელს ძალიან უყვარდა ბავშვები და ახალგაზრდობა, მაგრამ სულ სხვანაირად, ვიდრე აკაკის; იგი ყოველ ჩვენგანს საბრძოლველად გვამზადებდა. აკაკის კი ჩვენი ცელქობა და სიცხოველე იზიდავდა.
გიორგი წერეთელში ჩვენ მეგობარ-მასწავლებელს ვხედავდით. იგი ბევრ რამეს მოგვითხრობდა ხოლმე ხან შორეული, ხან ახლო წარსულიდან.
ზოგჯერ აკაკიც ესწრებოდა ამ „საუბრის“ საღამოებს“, ზღაპარი და ლეგენდა იმარჯვებდა: „ამირანი და ქართლოსი“; „არგონავტები და ფაზისი“; აკაკის „ნინო და თამარი“: „დავით აღმაშენებელი“, „დავითი და კონსტანტინე“.
შესანიშნავი საუბარი იცოდა აკაკიმ, მეტწილად იუმორნარევი, გიორგი წერეთლის საუბარი კი ყოველთვის „ცეცხლწაკიდებული“ და „ცეცხლის მომდები“ იყო. რამდენი რამ უნახავს მას, გამოუცდია, დაუწერია და გაუკეთებია.
აკაკი წერეთელი კი დროისა და სივრცის გარეშე იდგა ჩვენს წარმოსახვაში: როგორც „მზის ტოლი“ მგოსანი, ჩვენთვის მიუწვდომელი ჩანგითა და გულის სიმებით. ხან კი, პირიქით, ჩვენ ტოლ-ამხანაგად მიგვაჩნდა, ჩვენსავით „ცელქი“ და „ეშმაკობაში“ ამყოლი.
სასადილო ოთახში რომ შევიჭრებოდით საკლასო ოთახიდან, გაკვეთილებზე მუშაობის შემდეგ, დამშეულები და აკაკის ოხუნჯობისათვის „კბილებგალესილები“, აკაკი, გამოცოცხლდებოდა, წამოხტებოდა, 40 წელს მხრებიდან ჩამოიშორებდა და სიცილით წამოიძახებდა: შემოგვესივნენ ქაჯები, ხმალი ვიშიშვლოთო! და... შეჯიბრს გამოგვიცხადებდა ცელქობა-ეშმაკობაში: აბა, ვინ მაჯობებსო?
ასეთი იყო ჩვენი მხიარული „ქაჯეთის“ შინაცხოვრება. ასეთი იყო თვით აკაკიც ამ „ქაჯეთში“, ჩვენი ძვირფასი მამიდების სტუმართმოყვარე ძველ სახლში.
ძნელი წარმოსადგენია, ერთსადაიმავე ოჯახში მეტი ანტიპოდები, ვიდრე ნიკო ნიკოლაძის ორი და იყო: კატო და ანიჩკა (ანასტასია) ნიკოლაძეები.
მამას ხუთი და ჰყავდა, რომელთაგანაც ეს ორი უქმარშვილო იყო, მთელი თავიანთი სიცოცხლე მათ შესწირეს საზოგადო საქმეს, ახალგაზრდობის აღზრდას. თავის დისწულებთან ერთად მათ მთელი მოსწავლე ახალგაზრდობა მიაჩნდათ საკუთარ ოჯახად, მეტადრე თუ რომელიმე მათგანი ნიჭს და თვითმპყრობელობისადმი ურჩობას გამოიჩენდა.
სულ სხვადასხვანაირი ბუნებისა და პიროვნების პატრონები - კატო და ანიჩკა ამავე დროს იმით იყვნენ ცნობილნი, რომ უერთმანეთოდ ვერა სძლებდნენ. თითქმის ერთ დღეს გარდაიცვალა ორივე. დასაფლავებულიც ერთად არიან, თბილისში.
ყველაფერში „არქიპოლუსები“ იყვნენ კატო და ანიჩკა აკაკის დახასიათებით. მამიდა ანიჩკას იგი ნაზ იას ადარებდა ჩვეულებრივ, მამიდა კატოს კი... ჭინჭარს.
მამიდა კატოს შეფასება აკაკის მეტად კარგ გუნებაზე აყენებდა. იგი მხიარულად გადაიხარხარებდა ხოლმე და წამოიძახებდა, თავისივე ლექსის ოდნავ შეცვლილ სტრიქონებს:
ოჰ, აკაკი... ჭინჭარში ნუ ვარდები...
ნუ გგონია იქ ია და ვარდები...
მამიდა ანიჩკასაც არ სტოვებდა უყურადღებოდ... რამდენჯერ გაუმეორებია თავისი „გაზაფხულიდან“:
დავყნოს ვარდსა გადაშლილსა,
ვუჭვრეტ ნაზად დახრილ იას...
დაუცხრომელი ენერგიით სავსე, მოუსვენარი მუშაკი და ახალ-ახალი საქმეების წამომწყები მამიდა კატო ბუნებით მოწოდებული საზოგადო მოღვაწე იყო და ამავე დროს თავისი ოჯახისა და პანსიონის ენთუზიასტიც.
ქუთაისში მამიდა კატო არც ერთ საზოგადო საქმეს არ აკლდებოდა. თითქმის იგი ყველგან ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იყო და სული და გული. ქართული თეატრი, თარგმანები და გამომცემლობა, მუშებისათვის იაფასიან წარმოდგენათა მოწყობა, სახალხო უნივერსიტეტის დაარსება და ხელმძღვანელობა, სტიპენდიები, „საიმედო“ ახალგაზრდების და დევნილების დახმარება, - სად არ შევხვდებოდით მას ქუთაისში 40-50 წლის მანძილზე - 70-იან წლებიდან 1920-მდე.
ამ ქალთა წრის საუკეთესო მეგობარი და ხელისშემწყობი იყო აკაკი. ყოველი მისი ჩამოსვლა ქუთაისში ამ წრის რაიმე წამოწყებასთან იყო დაკავშირებული.
სულ სხვა იყო მამიდა ანიჩკა. იგი მართლაც ქაჯეთში დატყვევებულ ნესტანდარეჯანს ემსგავსებოდა ჩვენს მხიარულ პანსიონში. აკაკი მას „პატარა ქალბატონს“ ეძახდა ალერსიანი ხუმრობით და ამ ეპითეტით დაწერილმა აკაკის წერილებმა ჩვენამდეც მოაღწია.
ვერავის წარმოედგინა მამიდაჩემის ხმის ამაღლება, ნაბიჯის აჩქარება და მოთმინებიდან გამოსვლა. მამიდა კატო კი, პირიქით, ფიცხი ბუნების ადამიანი იყო, თუმცა ყველა კარგად იცნობდა მისი ცხარე გულის საარაკო გულკეთილობას.
მამიდა ანიჩკას ყოველი განცდა მის გულში იმარხებოდა ჩუმად და სამუდამოდ. ამიტომ მისი ღიმილის ჩაქრობა და წარბების შეკვრა მეტი „სასჯელი“ იყო, ვიდრე მამიდა კატოს უცხარესი წუთიერი „ადუღება“.
მამიდა ანიჩკას მიმართ აკაკის ბუნება ყოველთვის „სამაისო“ რჩებოდა მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში.
ასეთი იყო აკაკის ეს სრულიად თავისებური მეგობრობა, რომელიც გაგრძელდა 60-იანი წლებიდან მისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე.
მამიდა კატოს არ ეცალა ჩვენთვის, გაკვეთილების გამოკითხვის საათების გარეშე; მას ქალაქში ჰქონდა ათასი საქმე. მამიდა ანიჩკა კი ჩვენი მხიარული სკის „დედაფუტკარი“ იყო. გვესაუბრებოდა, გვიკითხავდა, გვაკითხებდა, გვიამბობდა ბევრ რამეს წარსულიდან... ძალიან გვიყვარდა უმცროსებს ეს საათები...
აკაკის „მოგონებების“ ინიციატორი ყოველთვის მამიდა ანიჩკა იყო. - გახსოვს, ნიკო როგორი ყურებაწითლებული დაგვიბრუნდა ერთ დღეს? - მიუბრუნდებოდა აკაკი მამიდას და დაიწყებოდა მათი საერთო მოგონებები: ქალებს როგორ ზრდიდნენ იმ დროს, სანამ მათ ძმებს ძველ გიმნაზიაში ტანჯავდნენ და სამარცხვინოდ როზგავდნენ კიდეც... პირველი ქალები როგორ მიაბარეს რუსულ „პროღიმნაზიაში“, და მათ შორის ორი „ალჟირკიანი“ დეიდაშვილიც: ანიჩკა ნიკოლაძე და მაშიკო ხელთუფლიშვილი. - გახსოვს ეს ფაქტი, პატარა ქალბატონო? შეეკითხებოდა, ხოლმე ალერსით აკაკი.
- ალჟირკა რა არის? იკითხავდა ვინმე ახლად მოსული ბავშვი და დაიწყებოდა განმარტებები. ალჟირელების ბრძოლა, გარიბალდის ათასეული და სხვ...
დაიწყებოდა ძველი დროის მოგონება, სახლის მამამთავრის იაკობ ნიკოლაძის ხანაზე და აკაკის მიერ განსაკუთრებით შეყვარებულ 60-იან წლებზე. ხან გაიხსენებდნენ ფაქტებს, რომლებიც კირილესა და მამას შეეხებოდა.
* * *
ერთხელ მე და ელენე სამაისო ვარდებით დავბრუნდით გიმნაზიიდან. აკაკი ამან იმწამსვე კარგ გუნებაზე დააყენა და ჩვენი საყვარელი საპირველმარტო „მერცხალი“ მოიგონა: დღეს მერცხალი შემოფრინდა, ჭიკჭიკითა შემომძახა...
მამაჩემი ხშირად უმტკიცებდა აკაკის, რომ ეს მისი „გაზაფხული“ თავისთავად კი მშვენიერია, მაგრამ რევოლუციის გაზაფხულს არ წარმოადგენდა, რადგანაც მისი აზრით, პირველი მარტის მეფის მკვლელობა თუ არ აგვიანებდა, არ აჩქარებდა რევოლუციის საქმეს; ილიას „გაზაფხული“ კი, - „ტყემ მოისხა ფოთოლი“, მიძღვნილი გარიბალდის ათასეულის გამარჯვებისადმი, მართლაც ნამდვილი გაზაფხული იყო მამაჩემის აზრით, თუმცა იგი პეტერბურგის თოვლსა და ყინვაში იყო თურმე შექმნილი 1861 წლის იანვარში, ნევისპირა სტუდენტობაში ნაგრძნობი, იტალიის 1859-1860 წლის „გაზაფხულით“ ნაკარნახევი.
მამასა და აკაკის ამგვარ კამათს ყოველთვის დაძაბულნი ვუსმენდით, მაგრამ ცხადია, ჩვენი სიმპათიები ურყევად აკაკის მხრებზე იყო „გაზაფხულის“ საკითხებში, მით უმეტეს, რომ აკაკის ლექსი ასეთი მშვენიერი იყო და პირდაპირ ჩვენს ბედნიერ, მართლაც „ტურფა“ ქვეყანაში გადაგვაფრენდა ხოლმე საკლასო ოთახის სქელი კედლებიდან. თვით ამ ოთახსაც კი ავსებდა მზითა და მერცხლის ჭიკჭიკით:
დავჰყნოს ვარდსა გადაშლილსა,
ვუჭვრეტ ნაზად დახრილ იას,
და ბულბულიც გამაგონებს
მისებურად „ტია-ტიას“.
ამ უკანასკნელ მარცვლებს „ბულბულის ხმაზე“ აკაკი პირდაპირ ოსტატურად წარმოთქვამდა.
- კიდევ გინდათ ლექსი? - შეგვეკითხა ერთხელ აკაკი, როდესაც ჩვენი აღტაცებული შეძახილები შეწყდა და სიწყნარე ჩამოვარდა.
- კი, დიახ, გვინდა, - ხმამაღლა შევძახეთ.
- აბა, კარგი, ერთ კარგ დარიგებას წაგიკითხავთ - ბულბულის ნამღერს, - გვიპასუხა აკაკიმ. - კარგად დამიგდეთ ყური. ეს დარიგება უნდა შემისრულოთ.
და მან „დილა“ წაგვიკითხა „ივერიიდან“, რომელიც ყველას ასე გვიყვარდა, მას კი განსაკუთრებით:
ვარდს გაეფურჩქნა კოკორი,
გადახვეოდა იასა,
ზამბახსაც გაღვიძებოდა
და თავს უხრიდა ნიავსა...
ერთი წუთით შეჩერდა აკაკი „ბულბულის ნატვრის“ წინ და შემდეგ ხმამაღლა წარმოთქვა ლექსის ბოლო:
აყვავდი, ტურფა ქვეყანავ,
ილხინე, ივერთ მხარეო!
და შენც, ქართველო, სწავლითა
სამშობლო გაახარეო!
* * *
ვის უნახავს გაზაფხული უციცინათელოდ დასავლეთ საქართველოში? საშინლად გვიყვარდა ციცინათელების გამოჩენის დრო რიონისპირა კლდებუჩქნარის სიბნელეში. ამიტომ ადვილი წარმოსადგენია, თუ რა ხშირად გაისმოდა ჩვენი ქაჯეთის „ციხე-გალავანში“ აკაკის „ციცინათელას“ ის მშვენიერი ადგილები, რომლებიც ხალხმა სიმღერად აქცია:
ჩემო ცი-ცი-ნა-თე-ლა,
რად დაჰფრენ ნე-ლა-ნე-ლა...
იმ დროს განსაკუთრებით მოდური იყო სიმღერები აკაკის ლექსების მიხედვით („სულიკო“, „თავო ჩემო“, „ციცინათელა“). მამიდების ნათლულს ელენეს ძალიან სასიამოვნო ხმა ჰქონდა, გიტარაზე დაკვრაც მშვენივრად ეხერხებოდა. მეც მასწავლიდა და აკაკის ლექსებს თავდავიწყებით ვმღეროდით.
ერთხელ, საღამოს ჟამს, მამა ჩამოვიდა და პირდაპირ გაგვაოცა დაუჯერებელი განცხადებით, რომელიც მამიდა ანიჩკამაც დაადასტურა: აკაკის „ციცინათელაც“, „თავო ჩემოც“ საფრანგეთის კომუნის დამარცხების გამოხმაურებააო. თერგდალეულები და „დროების“ რედაქცია კი ამ დამარცხებას თითქმის თვით კომუნარებივით განიცდიდნენო.
ამიტომ, როდესაც „დროებამ“ ამის შემდეგ ზედიზედ ორ ნომერში გამოაქვეყნა აკაკის ეს ორი ლექსი, ყველას გადაუწყვეტია, ვისაც ნაბეჭდი სიტყვის „შუა სტრიქონებიც“ აინტერესებდა, რომ „ციცინათელა“ და „თავო ჩემო“ საფრანგეთის რევოლუციის სიმბოლოა ისე, როგორც ილიას „გაზაფხული“ ჩვენთვის სანატრელ იტალიის გაზაფხულს გულისხმობდა 10 წლით უფრო ადრეო.
მამა გვარწმუნებდა, რომ ჩვენ საყვარელ „ციცინათელას“ არა მარტო სამიჯნურო, არამედ პოლიტიკური სარჩული აქვსო.
მამა ყველაფერს ევროპის პოლიტიკას უკავშირებდა. აკაკიზე კი, როგორც პოეტზე, ძალიან მაღალი აზრისა იყო და ყოველთვის ამბობდა, რომ აკაკი, როგორც პოეტი ხშირად ეხმაურება ახალგაზრდობის ყოველ ამაღელვებელ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენასო; ასე, მაგალითად, მეფის მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლას, კომუნას, იტალიის ამბებს. მამა ამბობდა, აკაკის სტუდენტობის დროის „სალამური“ ილიას „გაზაფხულის“ პირდაპირი შემოძახილი და გარიბალდის გამარჯვების ანარეკლიაო. აგრეთვე მისი „ჩანგურიც“ საფრანგეთის კომუნის გამარჯვებას ეხმიანებაო.
მამა ხაზგასმით და აღტაცებით აღნიშნავდა, რომ რასაც ზოგიერთი ქართველი მწერალი გრძელ-გრძელი წერილებით ძლივს გამოთქვამდა, ან სულაც ვერ გამოთქვამდა ცენზურის კლანჭებში, იმას აკაკის ჩანგი „ერთი სიმის ჩამოკვრით“ ახერხებდაო.
კირილეც ადასტურებდა მამაჩემის აზრის სისწორეს.
ერთხელ, მაისში, საღამო ჟამს, შეიკრიბა მამიდა კატოს „ქალთა წრე“, რომელსაც აკაკი დაესწრო.
შეკრების მიზანი იყო მუშებისათვის მესხიშვილის თეატრში იაფფასიანი წარმოდგენის მოწყობა, რომელსაც აკაკიც უნდა დასწრებოდა. აკაკი განსაკუთრებით კარგ გუნებაზე დადგა. ლექსებიც ბლომად წაიკითხა.
ხალხი რომ დაიშალა და მარტო დავრჩით შინაურები მე და ელენემ ბაღში გავისეირნეთ.
- აკაკის შეხედე! - წამოიძახა უეცრად ჩემმა მეგობარმა და მართლაც რა დაუვიწყარი სურათი წარმოგვიდგა თვალწინ: ჩვენი ძველი სახლის კიბის თავზე აკაკი იდგა, კაშკაშა მთვარით განათებული და ვარსკვლავებისაკენ ამართული სახით.
შორს სიბნელეში კი რიონის ტალღების ხმაური ისმოდა. ცაზე ვარსკვლავები ციმციმებდნენ. ქვევით ციცინათელები ასანთებივით ინთებოდნენ. აკაკი დიდხანს ტკბებოდა ამ სანახაობით...
* * *
90-იან წლებში ქუთაისს ორი „მბრძანებელი“ ჰყავდა! აკაკი და ლადო მესხიშვილი მისი თეატრით. მათი მბრძანებელი კი ქუთაისის ქალთა წრე იყო - აკაკის თქმით.
მრავალი საზოგადოებრივ-კულტურული საქმე ჰქონდა ამ წრეს წამოწყებული და გაკეთებული; ეს წრე, ქართულ თეატრსაც ეხმარებოდა.
ამ წრის უფროსი წევრები 70-იან წლებიდან მოღვაწეობდნენ და ამ თეატრალურ მუშაობაში პირველყოვლისა ალექსი ჭიჭინაძე უნდა დავასახელოთ ლოლა და მაშო ყიფიანის შემდეგ. მან კი კატო და ანასტასია ნიკოლაძეებიც ჩააბა ამ საქმეში. ეს წრე თარგმნიდა და დგამდა კლასიკურ პიესებს. მათ სახელთან არის დაკავშირებული აგრეთვე წიგნის გამომცემელი ქალთა პირველი საზოგადოებაც; ისინი ბევრს თარგმნიდნენ უცხოური მხატვრული ლიტერატურიდან.
90-იანი წლების მეორე ნახევარში ქალთა წრე ყოველკვირეულად იკრიბებოდა ჩვენსას; დილაობით მარქსის „კაპიტალის“ მკითხველთა წრე იკრიბებოდა გიორგი ზდანოვიჩის ხელმძღვანელობით; საღამოობით კი წარმოდგენების, სხვადასხვა საღამოების, ლექციების, ლატარიისა და სხვათა მომწყობი ქალები იყრიდნენ თავს. ხშირად ნატო გაბუნია და აკაკიც გვესტუმრებოდნენ თბილისიდან. ამ წრეში ჩვენც გვიყენებდნენ, მე და მამიდების ნათლულს - ელენეს. ხან მესხიშვილის თეატრში გაგვზავნიდნენ სასწრაფოდ, ხან სახალხო უნივერსიტეტის გამგეობაში...
ყველაზე უკეთ მახსოვს ამ წრის ის პერიოდი, როცა მუშებისათვის მართავდენ იაფფასიან წარმოდგენებს: მამიდა კატო მელაშა-მეძმარიაშვილი-გველესიანისა, ელ. ხელთუფლიშვილი და სხვები.
აკაკის ძალიან უყვარდა ასეთი შეკრებები. ქალთა წრეს კი, რა თქმა უნდა, მასზე კიდევ უფრო უხაროდა, თუ მის ჩამოსვლას დაემთხვეოდა მათი მორიგი შეკრება ჩვენსას. აკაკი ხან ლექსს წაუკითხავდა მათ, ხან ოხუნჯობით გაამხიარულებდა ყველას, ხან კიდევ იმდროინდელ თავის გატაცებაზე ჩამოაგდებდა ლაპარაკს, ხან „ვეფხისტყაოსანზე“ საუბრობდა. იმ ხანებში აკაკი ლექციებსაც კითხულობდა ამ გენიალურ ნაწარმოებზე.
* * *
ანა ნიკოლაძესთან მეგობრობა, როგორც ჩანს პოეტის მიმოწერიდან, მეტად თბილი ყოფილა. კერძო წერილებში პოეტი მას სანუგეშო მეგობარს და „პატარა ქალბატონს“ უწოდებს და სხვა. თავის მოგონებებშიც აკაკი არა ერთხელ იხსენებს იმ დიდ „სულიერ თანაგრძნობას“, რომელიც მას ბაბუაჩემის ოჯახში უგრძვნია.
თვით ანიჩკამ კი, შეიძლება თამამად ითქვას, მთელი თავისი გული და პირადი ცხოვრება შესწირა ამ მეგობრობას, - აკაკის ჩანგსა და მის პიროვნებას. ისე ჩუმად, ისე გულჩათხრობილად, რომ ეს არავის სცოდნია დანამდვილებით.
საერთოდ, ამ ნაზი ქალის გულში ყოველი განცდა ღრმად და სამუდამოდ იმარხებოდა.
შემთხვევითი მოვლენა არ არის, რომ მისი გულის პირველივე გამოღვიძებიდან იგი ორი ჩვენი პოეტის - აკაკისა და გიორგი ჭალადიდელის ოცნებად ქცეულა. ამ უკანასკნელმა ლექსებიც კი უძღვნა მას...
მამაჩემსაც ძალიან მოსწონდა ანას მშვიდი ხასიათი.
მამაჩემის მეგობრობა ოლღა ხელთუფლიშვილთან სრულიად განსაკუთრებულ ხასიათს ატარებდა. მამას თქმით, ამ ამხანაგურ ურთიერთობაში დიდი წვლილი ჰქონდა შეტანილი ქართველი სტუდენტების შეხვედრას ჩერნიშევსკისთან, და მეტადრე კი ციხიდან განთავისუფლების შემდეგ მის ახლოს გატარებულ ზაფხულს პეტერბურგის მიდამოებში.
ეს იყო 1862 წლის ივნის-ივლისში, როდესაც ჩერნიშევსკი თავისი ცოლით და ცოლის დით (დობროლიუბოვის საცოლე) პავლოვსკში ატარებდა ორ თვეს; მამამ და მისმა ამხანაგებმა კი ექვს მანეთად დიდი სათივე იქირავეს მათ ახლომახლოს და ყოველ საღამოს ერთად ატარებდნენ. იმ ზაფხულში აკაკიც სწვევიათ რამდენიმე დღით...
მამას აზრით, აკაკიზედაც დიდი გავლენა მოუხდენია ჩერნიშევსკის შეხედულებას ქალებზე.
გავიდა რამდენიმე კვირა და რუსეთიდან ახლად დაბრუნებული მეგობრები, აკაკი და ნიკო ნიკოლაძე ისევ რიონისპირას გაჩნდნენ, ერთი - ნევის ნაპირებიდან გამოძევებული „ბუნტარი“, მეორე კი „დინჯად“ სწავლა დამთავრებული „კანდიდატი“, როგორც აკაკიმ იცოდა ხუმრობით თავისი თავის დახასიათება იმ პერიოდში.
ჩვენებთან მოსვლას ის ასე იგონებდა: სასტუმრო ოთახის კარი გაიღო და შიგ ახლადგაშლილმა ვარდმა შემოანათა, - პატარა, ხაბარდა-კაბიანმა, შავ წარბებშეკრულმა ქალბატონმა, იგი თითქოს თვალებით მელაპარაკებოდა: აბა, გვეჩვენე, რად გაქცია შენმა გასეირნებამ შორეულ პეტერბუგრშიო?
ასე გვიამბო აკაკიმ თავისი პირველი შეხვედრა „ქალად ქცეულ“ 16-17 წლის ანიჩკასთან, რომელიც მან 13 წლის ბავშვი დატოვა.
აქედან იწყება ის არაჩვეულებრივი და ნაზი მეგობრობა, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტი გრძელდებოდა.
აკაკის მეგობრული დამოკიდებულებისათვის ანიჩკა ნიკოლაძესთან დამახასიათებელია პოეტის ერთი საჩუქარი - გიშრის საათი, რომელსაც მამიდა არ იშორებდა მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში და რომელზედაც ამოჭრილია ლამაზი ქართული ასოებით:
ყრუ - სიმართლისთვის,
სიწმინდისთვის - ბრმა,
წყეულიმც იყოს
მისი გულის-თქმა.
აკაკი.
გიშრის საათი სპეციალურად შეუკვეთნია პოეტს და მიუძღვნია 70-იან წლებში. აკაკი მას „თილისმა საათს“ უწოდებდა.
1914 წელს აკაკი სურამში გვესტუმრა ქვიშხეთიდან, სწორედ ომის გამოცხადების დღეებში, და აქაც პოეზიით იყო სავსე მისი და ანიჩკას შეხვედრა - 70 და 75 წლის ორი თმასპეტაკი მოხუცისა.
ვინ იფიქრებდა, რომ ეს აკაკის უკანასკნელი ზაფხული იყო...
აკაკი რომ გარდაიცვალა, რუსეთში ვიყავი. მისი ხსოვნის პანაშვიდი გადავიხადეთ ყაზანის ტაძარში, რომლის კოლონადასთანაც ჩაღდებოდა ხოლმე რუსეთის სტუდენტობის ყოველი ბრძოლა.